ციხელაშვილის თქმით, გაფრინდაშვილის გათავისუფლებისთვის მუშაობა არაერთი არხით მიმდინარეობს.
მინისტრი ამბობს, რომ პროცესში ჩართულნი არიან პარტნიორები.
„ბატონი ტოივო კლაარი რამდენიმე დღის წინ, ცხინვალში იმყოფებოდა, ამაზე დეტალური საუბარი გვქონდა. თუმცა, ეს ერთადერთი საკითხი არ იყო. ასევე ვისაუბრეთ ახალგორის მიმართულებით ერთადერთი ე.წ. გამშვები პუნქტის დაკეტვაზე, რაც ძალიან კრიტიკული ჰუმანიტარული თემა გახლავთ და რაც მოსახლეობისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. საქართველოს ხელისუფლებისა და პარტნიორებისათვის აბსოლუტურ პრიორიტეტს, რა თქმა უნდა, ექიმის გათავისუფლება წარმოადგენს და ამ მიმართულებით ჩვენი ძალისხმევა არც ერთი წუთით არ დუნდება. ძალიან რთულ და კომპლექსურ გარემოში ვმუშაობთ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მთავარი ამოცანაა დაკავებული ექიმი გათავისუფლდეს. ეს ერთ-ერთი მძიმე შემთხვევაა იმ უკანონო დაკავებების სერიებს შორის, რომელთაც ეს რეჟიმი წლების განმავლობაში ახორციელებს,“ - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო იმ ძალისხმევასაც, რომელსაც ევროკავშირი და მისი სპეციალური წარმომადგენელი დაკავებული ექიმის გათავისუფლებისა და ე.წ. გამშვები პუნქტის გახსნის მისაღწევად გააგრძელებს.
ცნობისთვის, 9 ნოემბერს საოკუპაციო ძალებმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი დააკავეს.
15 ნოემბერს მას ორ თვიანი პატიმრობა შეუფარდეს.