როგორც "პირველს" ზაქარეიშვილმა განუცხადა, თუ ვინმეს გაუჩნდება სურვილი ლარის გაუფასურება მომავალში თურქეთის სირიაში შეჭრას დაუკავშიროს, ეს არ გამოუვა.
"თურქეთი რომ ძალიან ღრმად ჩაფლულიყო ომში შეიძლებოდა მისი ეკონომიკა დაზარალებულიყო და ეს უკვე, რა თქმა უნდა, გავლენას მოახდენდა საქართველოზე. ისედაც სუსტი გვაქვს ეკონომიკა და საქართველო ამ გადაწყვეტილებით უბრალოდ არ დაზარალდა. თუ ვინმეს გაუჩნდება სურვილი ლარის გაუფასურება მომავალში თურქეთის სირიაში შეჭრას დაუკავშიროს, ეს არ გამოუვა, რადგან ძალიან სწრაფად დასრულდა ყველაფერი. თუ კი, რა თქმა უნდა, არ განახლდა საბრძოლო მოქმედებები",- განაცხადა "პირველთან" პაატა ზაქარეიშვილმა.
მისი თქმით, საქართველოსთვის მთავარია რა მდგომარეობაში იქნება თურქეთის ეკონომიკა ამ პროცესების განმავლობაში.
"თურქეთში საინტერესო პროცესები მიმდინარეობს, მან პრაქტიკულად უსისხლოდ მოახერხა მიეღო ის, რისთვისაც სირიაში შევიდა და რასაც მოჰყვებოდა მსხვერპლი და კიდევ უფრო დიდი საომარი შეტაკებები. ამერიკას მოუწია უკან დახევა და თავისი ხალხის გაყვანა, ასე ვთქვათ, ბუფერული ზონიდან. თურქეთმა უბრძოლველად მიიღო ის, რისთვისაც ომი დაიწყო. გაძლიერდა რუსეთი, იმიტომ რომ მან საერთო ენა იპოვა ბაშარ ალ ასადთან, რომელსაც ვერასდროს რომ ვერ დაესიზმრებოდა ისე უბრძოლველად აიღო სირია. ეს რა თქმა უნდა, რუსეთის დამსახურებაა. ირანის პოზოციები გაძლიერდა, რადგან ისიც მხარს უჭერს ბაშარ ალ ასადს. პრაქტიკულად, შესუსტდა ამერიკის პოზიციები, უბრალოდ მან სახე შეინარჩუნდა, რადგან ცოცხლად გადაარჩინა თავისი მოკავშირე ქურთები, რომლებიც იძულებულები არიან დატოვონ ტერიტორიები. თუმცა, ისინი ცოცხლები და ასე ვთქვათ, ბრძოლისუნარიანები არიან და მომავალში შეიძლება რამე დაგეგმონ. მისი შეფასებით, საქართველოსთან ამ პროცესებს პირდაპირი კავშირი არ აქვს, თუმცა ის ფაქტი, რომ თურქეთი ღრმად არ ჩაება ომში და მისი ეკონომიკა დარჩა მყარი, საქართველოსთვის პოზიტიური მოვლენაა",- განაცხადა ზაქარეიშვილმა.
ცნობისთვის, გუშინ, თურქეთი და ამერიკა სირიაში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.
თურქეთმა სირიის ჩრდილოეთში სამხედრო ოპერაცია "მშვიდობის წყარო" 9 ოქტომბერს დაიწყო. თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, ოპერაციის მიზანი იყო ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" და ქურთთა დანაყოფების წინააღმდეგ ბრძოლა და თურქეთ-სირიის საზღვარზე უსაფრთხოების ზონის ჩამოყალიბება, რომელიც სირიელ ლტოლვილებს საკუთარ სახლებში დაბრუნების საშუალებას მისცემს.