მათი თქმით, მოსახლეობის პრობლემების მოგვარება დიდწილად დამოკიდებულია მაჟორიტარ დეპუტატებზე. როგორც მაჟორიტარი დეპუტატი დაჩი ბერაია აცხადებს, მაჟორიტარებს, გარდა კანონშემოქმედებითი საქმიანობისა, ასევე ევალებათ იყვნენ შუალედური რგოლი საზოგადოებასა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის.
„მაგალითად, ხობის მუნიციპალიტეტში იყო სამი სოფელი, სადაც ონკანში წყალი არ იყო. კვირაში ერთხელ ტრანსპორტით შეგვქონდა წყალი, რომ მოსახლეობას დასალევი წყალი ჰქონოდა. რომ არა ჩემი ჩართულობა, დღეს ამ სოფლებს წყალი არ ექნებოდა. ჩემი უშუალო ჩართულობით, დაახლოებით 600 ოჯახს წლით სარგებლობა შეუძლია. თუ მაჟორიტარები არ იქნებიან, თქვენ როგორ ფიქრობთ, ვინ უნდა შეასრულოს შუალედური როლი ცენტრალურ ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის? თვითმმართველობა არის მზად, რომ ეს ფუნქცია იკისროს?“, - აღნიშნა დაჩი ბერაიამ.
მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ უმრავლესობის წევრებს მიმართა კითხვით, რატომ ართმევენ მოქალაქეებს იმის საშუალებას, რომ მათ საკუთარი წარმომადგენელი ჰყავდეთ პარლამენტში?
„როცა რაღაცას ვცვლით, სულ ცოტა ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება უნდა დაიგეგმოს სწორად და ამის გარანტიები უნდა არსებობდეს. ჩვენი შეთანხმება იყო, რომ 2024 წელს გადავსულიყავით პროპორციულ სისტემაზე. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და საზოგადოების მცირე ჯგუფმა შექმნა მოლოდინი, რომ თითქოს მთელი საზოგადოება ითხოვს მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას. რა მიიღეთ? მიიღეთ ქუჩაში სამთვიანი არეულობა“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საწინააღმდეგო მოსაზრება გამოთქვა მაჟორიტარმა დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ.
„ამ წლების განმავლობაში ჩემი ბიურო 4 ათასზე მეტ ადამიანს მოემსახურა. ასზე მეტი წინადადებაც კი დაფიქსირდა მოქალაქეების მხრიდან. დღეს თუ გავაჩენთ ამ სიცარიელეს, რას ვეუბნებით ამ ადამიანებს? რით ვანაცვლებთ ამ სიცარიელეს? - აღნიშნა მერაბ ქვარაიამ.
პარლამენტში საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს განიხილავენ.
პროექტის თანახმად, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით, ბუნებრივი ბარიერის პირობებში ჩატარდება. უქმდება საარჩევნო ბლოკები.