მან აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ პროპორციული არჩევნების დაკანონების მოთხოვნით ის ქუჩაში გამოსული ადამიანების გვერდით ბოლომდე იდგება.
"დღეს ბრძოლა არ ეხება პოლიტიკოსებს, ეს ბრძოლა ეხება საზოგადოებას და რიგითი მოქალაქეების უფლებას. თავისუფლება უმაღლესი ღირებულებაა ქართველებისათვის. თუ ჩვენ ეს არ გავიტანეთ ერთ დღესაც გავიღვიძებთ დიქტატურაში. მივმართავ ჩემ დასავლელ და ამერიკელ მეგობრებს - იმ თავისუფალ დემოკრატიულ საქრთველოს, რომელიც მოგწონდათ ჩემო დასავლელო მეგობრებო, ცდილობენ რომ დაუმთავრონ მომავალი. მივმართავ ჩემს მეგობარ პრეზიდენტებს - გამოიყენეთ ძალაუფლება, უნარი და კავშრები და მოახდინეთ გავლენა ამ პროცესზე. ან გაიმარჯვებს ქართული დემოკრატია ან დაემსგავსება იმ ქვეყანას, სადაც ავტორიტარიზმი არის ცხოვრების წესი. არ ველოდი რომ პარლამენტი ამ კანონს ჩააგდებდა. არ მინდა პოლიტიკაში მობრუნება, მაგრამ არ მსურს ვიცხოვრო დიქტატურაში. ქართველი საზოგადოება არ არის ამის ღირსი. ვიდგები აქ ბოლომდე, ღმერთმა დალოცოს საქართველო", - განაცხადა აქციაზე მისულმა გიორგი მარგველაშვილმა.
თბილისში, პარლამენტის წინ აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეებმა, რომლებიც დეპუტატების მიერ არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებასთან დაკავშირებული კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებენ დედაქალაქის მთავარი გამზირი გადაკეტეს.
დედაქალაის მთავარ გამზირზე, პოლიტიკოსები, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები არიან შეკრებილები. მათი განცხადებით პროტესტი იქამდე გაგრძელდება სანამ პარლამენტი, არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ კანონს არ მიიღებს.
პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შეცვლაზე უმრავლესობის პროექტი ჩააგდო.