როგორც მამუკა მდინარაძემ "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან განაცხადა, ოპოზიციას, კონკრეტულად კი "ნაციონალურ მოძრაობას" პროპორციული არჩევნების მოთხოვნის მორალური უფლება არ გააჩნია, ვინაიდან პირველ რიგში ისინი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ბლოკავდნენ ამ კანონპროექტს და არაფერს აკეთებდნენ არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლისთვის.
"3 დღის განმავლობაში ისეთი მოთხოვნაც კი ვერ დააყენეს, რომელიც კონსტიტუციური იქნებოდა, მათ სამართლებრივად გამართული მოთხოვნა არ აქვთ. როდესაც ისინი იყვნენ პოლიტიკაში და ახორციელებდნენ ვითომ საკონსტიტუციო რეფორმებს, თითიც არ გაუნძრევიათ იმისთვის რომ პროპორციულ სისტემაზე გადასულიყო საარჩევნო სისტემა. მხოლოდ ჩვენ "ქართულმა ოცნებამ" ჩავწერეთ კანონში ამის აუცილებლობა, მხოლოდ და მხოლოდ გადაიწია ვადამ და წელს ვერ მოხერხდა ამ პროცესზე გადასვლა, ისინი კი არ არიან ამ კანონის მორალური და სამართლებრივი ავტორები, მათ მსგავსი კანონის განხორციელებს თავიანთი ხელსიფლებაში ყოფნის დროს ბოიკოტი გამოუცხადეს. ისინი აქციის მონაწილეებს ატყუებენ, რომ სამართლებრივი მოთხოვნები აქვთ ხელისუფლებასთან, არადა ამის მორალური უფლება არ აქვთ.
რაც შეეხება პარლამენტის პიკეტირებას, ხელისუფლება კანონის აღსრულების უზრუნველყოფს. საკანონმდებლო ორგანო და ნაბისმიერი სამთავრობო უწყება გააგრძელებს ჩვეულებრივ მუშაობას, თუ იქნება კანონსაწინააღმდეგო მოქმედება სახელმწიფო მას დაუპირისპირებს კანონს, აქ არ არის საუბარი ძალის გადამეტებაზე, მაგრამ სახელმწიფო იმოქმედებს შესაბამისად. გვახსოვს, ამ ქვეყანაში კანონიერ მოქმედებას უპირისპირებდნენ უკანონობას, ამ შემთხვევაში კი იქნება პირიქით", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ ფართომასშტაბიანი აქცია დაიწყო. აქციას სხვადასხვა ლოკაციებიდან უერთდებიან როგორც არასაპარლამენტო, ასევე საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები და მათი მხარდამჭერები.