ამის შესახებ დეპუტატმა პარლამენტთან განაცხადა, როდესაც ის საკანონმდებლო ორგანოში შესვლას ცდილობდა, თუმცა ეს პიკეტირების გამო ვერ მოახერხა.
"პარლამენტში მოვედი იმიტომ, რომ მოხდეს საკონსტიტუციო ცვლილებების ხელახალი კენჭისყრა და მივიღოთ პროპორციული სისტემა. გამოსავალი მხოლოდ ეს არის და რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რომ ეს მოესწროს 2020 წლამდე",- აღნიშნა გია ჟორჟოლიანმა.
მისი თქმით, "ქართული ოცნების" ნაწილი ცუდად მოიქცა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ გამართული აქციის დროს პარლამენტის ყველა შესასვლელის პიკეტირება მოხდა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ დეპუტატებს არ მისცემენ საშუალებას შევიდნენ შენობაში და მუშაობა განაგრძონ. პროტესტის მიზანს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება წარმოადგენს.
საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტი, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას გულისხმობს, 14 ნოემბერს, პარლამეტში პირველივე მოსმენაზე ჩავარდა. ცვლილებებს მხარი 101-მა დეპუტატმა დაუჭირა, 3-მა დეპუტატმა კანონპროექტის წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო 37-მა დეპუტატმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. საკონსტიტუციო ცვლილებების დასამტკიცებლად 113 დეპუტატის ხმა იყო საჭირო.