პარლამენტის შესასვლელებთან სპეცრაზმის მიერ აქციის დაშლის პარალელურად, პოლიციამ პირველ ჯერზე 18 აქტივისტი დააკავა.
დაკავებულებს შორის არიან აქციის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი გიგა მაქარაშვილი, ზუკა ბერძენიშვილი, ზურაბ-გირჩი ჯაფარიძე და ჟურნალისტი გიორგი კაპანაძე.
"აღნიშნული პირები სამართალდამცველების მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის არიან დაკავებული", - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია. პატრულის თანამშრომლები აქციის მონაწილეებს ავტომაქანების სავალ გზაზე გადასვლის შესაძლებლობას არ აძლევენ.