როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მსოფლიო სტატისტიკა მაჟორიტარული კომპონენტის მქონე სისტემების უპირატესობაზე მეტყველებს. ამის მაგალითად განცხადებაში მოყვანილია დიდი ბრიტანეთი და ამერიკის შეერთებული შტატები, სადაც მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა ფუნქციონირებს.
„თანამედროვე მსოფლიოში არ წყდება დისკუსია საარჩევნო სისტემების ავკარგიანობის შესახებ. დემოკრატიული ქვეყნები საარჩევნო სისტემებს, ხშირ შემთხვევაში, ისტორიული და გეოპოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით ირჩევენ და დღემდე არც თამამი ექსპერიმენტებისგან იკავებენ თავს.
მიუხედავად იმისა, რომ სამივე ძირითადი საარჩევნო სისტემა - მაჟორიტარული, პროპორციული და შერეული - თანაბრად დემოკრატიულ და, შესაბამისად, ლეგიტიმურ სისტემებად არის მიჩნეული, მსოფლიო სტატისტიკა მაინც მაჟორიტარული კომპონენტის მქონე სისტემების უპირატესობაზე მეტყველებს, იმაზე რომ არაფერი ვთქვათ, რომ თანამედროვე, ლიბერალური დემოკრატიის აკვნად მიჩნეული ანგლოსაქსური ცივილიზაციის ორივე მექაში, დიდ ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა ფუნქციონირებს, ისევე, როგორც კონტინენტური ევროპის პიონერ დემოკრატიაში - საფრანგეთის რესპუბლიკაში.
დასავლეთის, კერძოდ კი, ევროპის ტრადიციულ დემოკრატიებში, სადაც პარტიებს მწყობრი, ისტორიულად ჩამოყალიბებული იდეოლოგიური პლატფორმები გააჩნიათ და ამომრჩევლის სეგმენტაციაც ამ პლატფორმებისადმი სიმპათიების საფუძველზე ხდება, პროპორციული საარჩევნო სისტემა, რასაკვირველია, წარმატებით ფუნქციონირებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
დღეს მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ სოციალურ ქსელში მაჟორიტარ დეპუტატთა სახელით განცხადება გაავრცელა, სადაც სრულ მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ინიციატივით გამოვიდა.