მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში საკარანტინო ზონის კონტროლი გრძელდება

კარანტინი მარნეულში

მარნეულში კორონავირუსის შიდა გადადების დაფიქსირების გამო, ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში საკარანტინო ზონის კონტროლი გრძელდება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში COVID-19-ის გამო საკარანტინო ზონის გაძლიერებულ კონტროლს აგრძელებს.

საკარანტინო შეზღუდვების ამოქმედებისთანავე ძირითად გზებზე საკონტროლო გამშვები საგუშაგოებია განთავსებული, ხოლო მეორეხარისხოვანი გზები მობილური ჯგუფების მიერ კონტროლდება. პოლიციის თანამშრომლები საზოგადოებრივი უსაფრთხოების დასაცავად მუნიციპალიტეტების ქალაქებსა და სოფლებში ინტენსიურად პატრულირებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ადგილობრივ მოსახლეობას რეგულარულად, დეტალურად უხსნიან საკარანტინო ზონაში მოქმედ წესებს.

გარდა ცოცხალი ძალისა, საკარანტინო პერიმეტრის მუდმივი მონიტორინგის პროცესში პოლიციის შესაბამისი დანაყოფების მიერ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დრონები გამოიყენება.

ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში ამ დროისთვის ვითარება დამაკმაყოფილებელია და კონტროლს სრულად ექვემდებარება.

საკარანტინო შეზღუდვებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, 24 საათის განმავლობაში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან კოორდინაციით, თავდაცვის ძალებთან ერთად, საგანგებო რეჟიმში აკონტროლებენ.

ცნობისთვის, მას შემდეგ რაც მარნეულში ვირუსის შიდა გავრცელების ფაქტი დაფქსირდა, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მკაცრი შეზღუდვები დაწესდა. ორივე მუნიციპალიტეტი გამოცხადებულია საკარანტინო ზონად.