მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეროვნული გამოცდების თარიღის ცვლილება არ განიხილება

გამოცდების რეგისტრაცია

განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, რეგისტრაციის ვადა ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის 30 აპრილის 18:00 საათამდე გახანგრძლივდა. 

განათლების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, ცვლილება არ ეხება ერთიანი ეროვნული გამოცდების თარიღებს.

"რაც შეეხება ერთიანი ეროვნული გამოცდების თარიღს, ამ ეტაპზე ცვლილება არ განიხილება. ასევე მინდა, საზოგადოებას შევახსენო, რომ ორშაბათიდან ფუნქციონირებას იწყებს უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტი – "ტელესკოლა", რომელსაც ჩვენი სამინისტრო საზოგადოებრივ მაუწყებელთან, პირველ არხთან ერთად ახორციელებს. ამ პროექტის ფარგლებში აბიტურიენტებისათვის ჩატარდება აბიტურიენტის საათი, სადაც ჩვენი წამყვანი სპეციალისტები მათ გაუწევენ კონსულტაციას ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით",- აღნიშნა განათლების მინისტრმა.

მისი თქმით, ნებისმიერი დამატებითი ცვლილების შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ გამოქვეყნდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ასევე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ფეისბუქ და ვებგვერდებზე. 

უწყების ინფორმაციით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ღია კარის დღეების ონლაინ რეჟიმში გამართვას აგრძელებს და აბიტურიენტებს ყველა კითხვაზე პასუხის მიღება ცენტრის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ყოველ ოთხშაბათს, 13:00 საათიდან 16:00 საათამდე შეუძლიათ. ასევე, 24 საათიან რეჟიმში მუშაობს ცენტრის ცხელი ხაზი. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ შემუშავებულია გეგმა, რომელიც გულისხმობს როგორც ონლაინ, ასევე სატელევიზიო გაკვეთილებით სწავლებას, რაც საშუალებას მისცემს მოსწავლეებს, დაასრულონ მიმდინარე სასწავლო წელი.