მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ჯორჯიან მანგანეზის“ მოლაპარაკება შუქრუთში საპროტესტო აქციის მონაწილეებთან კვლავ უშედეგოდ დასრულდა

ჯორჯიან მანგანეზის ლოგო

მიმდინარე წლის 19 მარტს, შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურ მმართველ ნიკოლოზ ჩიქოვანსა და ჭიათურის მუნიციპალიტეტში მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებს შორის მორიგი შეხვედრა კვლავ უშედეგოდ დასრულდა - ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან მანგანეზში“ ავრცელებენ.

საინიციატივო ჯგუფმა, რომელმაც სოფელ შუქრუთის წარმომადგენლობა აქციის პირველივე დღიდან თავის თავზე აიღო, შეთანხმებაზე კიდევ ერთხელ უარი თქვა და კომპანიის მორიგების მორიგი პროექტი დაბლოკა:

„შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ სურვილია, სოფელ შუქრუთის მაგალითზე, მოსახლეობასთან თანამშრომლობის მოდელი შექმნას, რომელსაც შემდგომ ყველა იმ სოფელზე გაავრცელებს, სადაც მოპოვებითი სამუშაოები იწარმოება ან იგეგმება, რომლითაც საწარმოსა და მოსახლეობას შორის ურთიერთ-სასარგებლო საპარტნიორო თანაარსებობის პრაქტიკას შექმნის.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ შპს „ჯორჯიან მანგანეზს“ მისი ოპერირების პერიოდში სოფელ შუქრუთში უშუალოდ დასახლებულ ტერიტორიებზე სამთო-მოპოვებითი სამუშაოები არ უწარმოებია და არც ამჟამად აწარმოებს, რაც დოკუმენტურადაც დასტურდება. შესაბამისად, სოფელში არსებული სახლების დაზიანებაზე მას უშუალო პასუხისმგებლობა არ გააჩნია. მიუხედავად ამისა, კომპანია მკაფიოდ იაზრებს თავის სოციალურ მნიშვნელობას და იმ მძიმე პირობებს, რომლის წინაშეც დღეს სოფელ შუქრუთის მოსახლეობა დგას და მზად არის პრობლემის გადაჭრის გზა ერთობლივი შეთანხმებით გამოძებნოს.

ბოლო შეხვედრაზე ასეთ გზად „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურმა მმართველმა ერთგვარი საპარტნიორო ფონდის შექმნა დაასახელა, რომელიც ამა თუ იმ ზეგანზე მადან-მოპოვების მიხედვით ერთიანი პრინციპით დაფინანსდება. აღნიშნულ ფონდს, სოფლის მოსახლეობა თავისი ნებითა და არჩევანით ერთპიროვნულად განკარგავს.

სამწუხარო ფაქტია, რომ სოფელ შუქრუთში მიმდინარე უწყვეტმა საპროტესტო აქციებმა, საწარმოო პროცესი გაჩერებამდე მიიყვანა და კომპანია მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში ჩააგდო, ასევე რისკის ქვეშ დააყენა მისი შემდგომი ოპერირება, საფრთხე შეუქმნა ათასობით ადგილობრივის სამუშაო ადგილს და საბოლოო ჯამში, ქვეყნის ეკონომიკა სერიოზული დაბრკოლების წინაშე დააყენა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტში, სოფელ შუქრუთში მაღაროს მიმდებარე ტერიტორია ადგილობრივმა მოსახლეობამ დაზიანებული სახლების კომპენსაციის მოთხოვნით ა.წ. 17 თებერვლიდან გადაკეტა. აქციის მონაწილეები თვლიან, რომ შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ წარმოებული სამუშაოები მათ ზიანს აყენებს.

შუქრუთში საპროტესტო აქციამ კომპანიის საწარმოო პროცესის შეჩერება გამოიწვია. ამ დრომდე ბლოკირებულია და არ ფუნქციონირებს კომპანიის მფლობელობაში არსებული 9 მაღარო, შეჩერებულია მადნის მოპოვებითი და ტექნიკური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელი სამუშაოები. რაც შეეხება ჭიათურის მუნიციპალიტეტის იმ ტერიტორიებს, სადაც კომპანია ოპერირებს, შპს „ჯორჯიან მანგანეზს“ გასულ წლებში მოსახლეობისთვის სხვადასხვა ფაქტორით მიყენებული ზიანის გამო, მილიონობით ლარის კომპენსაცია უკვე აქვს გაცემული. შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ მიიჩნევს, რომ მისი მაქსიმალური ძალისხმევის მიუხედავად, ამ ეტაპზე, მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებთან დიალოგის ყველა რესურსი ამოწურა. ამ სამწუხარო რეალობიდან გამომდინარე, კომპანია მისი შემდგომი ნაბიჯების განსაზღვრის მიზნით თავის სამოქმედო გეგმას ამუშავებს, რომელსაც საზოგადოებას უახლოეს პერიოდში გააცნობს.

ცნობისთვის, შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ ქვეყანაში ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორი და დამსაქმებელია. მთლიან ექსპორტში მისი პროდუქციის წილი 6%-ია და ამ მაჩვენებლით, საქართველოში ის სიდიდით მეოთხე კომპანიაა. ის დღეს 5500 საშტატო თანამშრომელსა და ქვეკონტრაქტორ კომპანიებში 2000-მდე დასაქმებულ პირს აერთიანებს.