მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

20 ივნისის აქციასთან დაკავშირებული ამნისტია, პროპორციული არჩევნები - რა პუნქტებზე აწერს ხელს მმართველი გუნდი?

დანიელსონი

19-21 ივნისის პროტესტთან დაკავშირებული ამნისტია, სრულად პროპორციული არჩევნები, ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესის ცვლილება, პარლამენტში ძალაუფლების ახლებურად განაწილება - ეს იმ პუნქტების მოკლე ჩამონათვალია, რომელზეც მმართველი პარტია ხელს აწერს.

კრისტიან დანიელსონის მიერ მხარეებისთვის შეთავაზებულ დოკუმენტში მოცემული 5 პუნქტი რამდენიმე საკვანძო საკითხს მოიცავს. მათში ინტეგრირებულია 2019 წლის 19–21 ივნისის საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ყველა პირის შეწყალება; მომავალი საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული წესით ჩატარება.

მნიშვნელოვანი საკითხებია საარჩევნო ადმინისტრაციისა და ცესკოს დაკომპლექტების წესში ცვლილების შეტანა, ასევე მოსამართლეების არჩევის წესის ცვლილება.

დღეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ საჯაროდ განაცხადა თანხმობა დოკუმენტში მოცემულ ყველა პუნქტზე ხელის მოწერასთან დაკავშირებით. დოკუმენტის მიხედვით, მმართველი გუნდი თანხმობას პარლამენტში ძალაუფლების განაწილების ახალ წესზეც აცხადებს.

შვედი დიპლომატის მიერ შეთავაზებული საკვანძო საკითხები ასე გამოიყურება:

პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირება

ხელის მომწერები ვალდებულებას იღებენ, რეაგირება მოახდინონ პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ ორ საკითხზე, მათ შორის:

📌ხელმოწერიდან ერთი კვირის განმავლობაში, პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა მოახდინოს ინიცირება კანონის ამნისტიის შესახებ, რომელიც 2019 წლის 19–21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას შეეხება.

📌პარლამენტმა რეაგირება უნდა მოახდინოს პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე კანონმდებლობის საშუალებით და (საჭიროების შემთხვევაში) შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები რეგლამენტში, რომ პარლამენტის წევრის სადეპუტატო იმუნიტეტის მოსახსნელად საჭირო იყოს უბრალო უმრავლესობაზე მეტი ხმა.

ამბიციური საარჩევნო რეფორმა

📌მომავალი საპარლამენტო არჩევნები იქნება სრულად პროპორციული. შემდეგი ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის ბარიერი იქნება ბუნებრივიდან 2%-მდე.

📌პარლამენტის არანაკლებ 4 წევრისგან შემდგარი ჯგუფი შეძლებს შექმნას საპარლამენტო ფრაქცია, რომელშიც შესაძლებელი იქნება დეპუტატების ჩართვა სხვა პარტიებიდან.

📌ადგილობრივი არჩევნები: პროპორციული და მაჟორიტარული მანდატების 4/1 პროპორცია ხუთ დიდ ქალაქში და 2/1 პროპორცია ყველა დანარჩენში. 2.5% ბარიერი თბილისში, 3% ბარიერი ყველგან თბილისს გარეთ.

📌ცენტრალური საარჩევნო კომისია: 8 პროფესიული და 9 პარტიული წევრი.

📌საუბნო საარჩევნო კომისია იგივე პროპორციით დაკომპლექტდება, მას შემდეგ, რაც მოხდება საპარლამენტო განხილვა მიზანშეწონილობის შესახებ. პროფესიული წევრები ინიშნება საოლქო საარჩევნო კომისიების უბრალო უმრავლესობას +1 ხმით. საუბნო საარჩევნო კომისიის ოქმებს ხელს მოაწერს მინიმუმ 5 პროფესიული წევრი +1 პოლიტიკური პარტიის წევრი.

📌 ცესკოს თავმჯდომარეს პარლამენტი ირჩევს ხმების 2/3-ით.

კანონის უზენაესობა/სასამართლო რეფორმა

📌პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეების დანიშვნისას უნდა გაზარდოს გამჭვირვალობა და დამსახურებაზე დაფუძნებული შერჩევა.

📌უზენაეს სასამართლოში ყველა მიმდინარე დანიშვნა უნდა შეჩერდეს და ხელახლა დაიწყოს განცხადებების მიღება ახალ კანდიდატებთან დაკავშირებითაც მას შემდეგ რაც, ახალი კანონი ძალაში შევა.

📌იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სიღრმისეული რეფორმა, რათა გაიზარდოს გამჭვირვალეობა, კეთილსინდისიერება და ანგარიშვალდებულება.

📌რაც შეეხება მომავალ გენერალურ პროკურორებს, საკონსტიტუციო ცვლილებების განსახორციელებლად აუცილებელი პროცედურების შემდეგ, საჯარო დებატების ჩათვლით, მხარეები იღებენ ვალდებულებას, განაგრძონ საერთო პოლიტიკური პოზიციის გაზიარება, რომ შემდეგი გენერალური პროკურორების დანიშვნისთვის საჭირო იქნება პარლამენტის წევრთა კვალიფიციური უმრავლესობის ხმები, რაც ფართომასშტაბიან, ყველა პოლიტიკური პარტიის ჩართულობას და მხარდაჭერას უზრუნველყოფს.

პარლამენტში ძალაუფლების განაწილება

📌პარლამენტის წევრები ოპოზიციური პარტიებიდან უხელმძღვანელებენ ხუთ კომიტეტს, საიდანაც ორი კომიტეტი შერჩეული იქნება ქვემოთ მოყვანილი სიიდან:

1.საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი;
2. იურიდიულ საკითხთა კომიტეტი;
3. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი;
4. საბიუჯეტო და საფინანსო კომიტეტი;
5. საგარეო საქმეთა კომიტეტი;

📌პარლამენტის წევრები ოპოზიციური პარტიებიდან დაიკავებენ საპარლამენტო დელეგაციის თავმჯდომარის 1 პოზიციას იმ საპარლამენტო დელეგაციებში, რომლებიც საქართველოს წარმოადგენენ შემდეგ საერთაშორისო ფორუმებში: ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა, ევროკავშირი–საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა.

📌სამომავლოდ, სხვა პოზიციები განაწილდება ისეთი ინკლუზიური ფორმულის გამოყენებით, როგორიცაა D'Hondt მეთოდი რომელიც არაპროპორციულობის მინიმუმამდე დაყვანისთვის გამოიყენება.

მომავალი არჩევნები

📌პარტიები მხედველობაში იღებენ ეუთო/ოდირის შეფასებას, რომლის მიხედვით „31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულ გარემოში და ზოგადად ძირითადი თავისუფლებების დაცვით ჩატარდა. ამის მიუხედავად, ამომრჩევლებზე ზეწოლის შესახებ ფართოდ გავრცელებული ბრალდებები და მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის საზღვრის ბუნდოვანება საარჩევნო პროცესის ზოგიერთი ასპექტის მიმართ საზოგადოების ნდობას ამცირებდა.“

📌პარტიები აღიარებენ, რომ ისინი განსხვავებულად აფასებენ 2020 წლის არჩევნებს და თანხმდებიან საპარლამენტო მანდატებზე და მონაწილეობაზე მომავალ არჩევნებში, რომელიც ჩატარდება წინამდებარე დოკუმენტით განსაზღვრული საარჩევნო რეფორმის საფუძველზე, საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობისა და წინამდებარე შეთანხმების განხორციელების ინტერესებიდან გამომდინარე.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნება“ ევროპული საბჭოს სპეციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მიერ შედგენილ დოკუმენტს ხელს საჯაროდ აწერს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება საპარლამენტო არჩევნებს არ უკავშირდება და ის ხელისუფლებამ საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორებისთვის ნდობის განმტკიცებისთვის მიიღო.

აგრეთვე იხილეთ:

📌„თუ თვითმმართველობის არჩევნებზე მმართველი პარტია 40%-ს ვერ მიიღებს, მზად ვართ ოპოზიციის მოთხოვნები განვიხილოთ“ - თალაკვაძე