მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ალბათ, რიგგარეშე არჩევნებს ვერ გადავრჩებით“ - ვახტანგ ძაბირაძე

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე

„ოპოზიციამ ძალიან დიდ პოლიტიკურ წარმატებას მიაღწია. ალბათ რიგგარეშე არჩევნებს ვერ გადავრჩებით,“  - ასე აფასებს ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში ვახტანგ ძაბირაძე გიორგი გახარიას მიერ პრემიერ-მინისტრობის პოსტის დატოვებას. 

როგორც მან საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-სთან საუბარში განაცხადა, გიორგი გახარიას გადაწყვეტილება საკმაოდ მოულოდნელი იყო.

„პრემიერ-მინისტრის განცხადება ჩემთვის საკმაოდ მოულოდნელი იყო. ვფიქრობდი, რომ ეს პროცესი, რომელიც ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით იყო დაწყებული და ასევე პარლამენტისა, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გუნდის ერთიანი პოზიცია იყო. როგორც აღმოჩნდა ეს ყოფილა მთავარი განხეთქილების ვაშლი ხელისუფლებაში და თუ ეს ასე იყო, მაშინ სრულიად გაუგებარია, რატომ არ დასრულდა ეს პროცესი პარლამენტში, სადაც შეიძლებოდა პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება და საქმე არ მივიდოდა სასამართლომდე. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ეს ასე არ მოხდა“, - აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.

მისი თქმით, არ არის გამორიცხული, რომ გიორგი გახარიას მიერ თანამდებობის დატოვება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას უკავშირდებოდეს, რომლის მიხედვითაც „ქართულ ოცნებაში“ პრემიერის შეცვლა იგეგმებოდა.

„შესაძლოა ეს უკავშირდებოდეს მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აპირებდნენ პრემიერის გადაყენებას. მე ამას ვერ დავადასტურებ, რადგან ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ პრემიერმა შექმნილი ვითარება გამოიყენა, რომ პროტესტის ფორმით გაცლოდა სიტუაციას და კი არ გადაეყენებინათ, თავად გადამდგარიყო“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

მისი შეფასებით, პრემიერის წასვლით ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება რადიკალურად შეიცვალა.

„მისმა გადადგომამ პოლიტიკური ვითარება აბსოლუტურად შეცვალა. ეს უკვე გამოჩნდა, თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილება შეცვალა და ნიკა მელიას დაკავების ღონისძიება გადადო. კიდევ კარგი, ხელისუფლებაში ვიღაცას აღმოაჩნდა და რეალობის შესაბამისი ანალიზის უნარი და ჯერჯერობით ეს პროცესი შეჩერდა. ვნახოთ რა იქნება, მაგრამ ვითარება უკვე იქამდეა მისული, რომ ალბათ, რიგგარეშე არჩევნებს ვერ გადავრჩებით. ოპოზიციამ მიაღწია ძალიან დიდ პოლიტიკურ წარმატებას“, - აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა.

ახალი პრემიერის კანდიდატურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ უნდა წარადგინოს.

პრემიერობის ახალ კანდიდატზე „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭო ხვალ იმსჯელებს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

პრემიერი გადადგა - როდის და როგორ უნდა დამტკიცდეს ახალი მთავრობა

ნიკა მელია: როგორც ჩანს ბატონმა გახარიამ სისხლისღვრისკენ მეორეჯერ ნაბიჯი არ გადადგა

„ეს არის ქართველი ხალხის ბრძოლის, ქართველი ხალხის თავდადებული გმირობის შედეგი“ - გოცირიძე პრემიერის გადაწყვეტილებაზე