მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ამ დღეების ბრძოლების შედეგები გვიჩვენებს, რა სცენარით განვითარდება მოვლენები“ - ზურაბ ბატიაშვილი „თალიბანზე“

სამხედრო საკითხების ექსპერტი

კონფლიქტოლოგი ზურა ბატიაშვილი „თალიბანის“ მიერ ავღანეთის ჩრდილოეთ რეგიონებში დაწყებულ ბრძოლებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ჯერჯერობით, ამ პროცესში ანტითალიბანურ ძალას უპირატესობა გააჩნია, თუმცა მათი ლიდერი მასუდი, დახმარების გარეშე, დიდხანს ვერ გაძლებს.

„მას შემდეგ, რაც ფანჯშირის ხეობაში გამაგრებულმა ანტითალიბანური ძალების ფაქტობრივმა ლიდერმა ეთნიკურმა ტაჯიკმა ახმად მასუდმა დანებებაზე უარი განაცხადა, „თალიბანმა” დაიწყო შეტევა ორი მიმართულებით.
სხვადასხვა მონაცემებით, ამ ბრძოლებში ჩართული მასუდის ძალები დაახლოებით 3000, „თალიბანის” კი 6000-ია. მაგრამ მასუდის მხარესაა გეოგრაფია - ხეობას მაღალი მთები იცავს.

ამასთან, ადგილობრივმა მებრძოლებმა ეს ადგილები კარგად იციან, „თალიბანმა” - ნაკლებად.
სწორედ ამიტომ, დღეს დაწყებულ ბრძოლებში მასუდის მებრძოლებს უპირატესობა გააჩნიათ. მათ ბევრგან მოაწყვეს ჩასაფრება და ათეულობით მოწინააღმდეგე გაანადგურეს.

თუმცა, გარედან დახმარების გარეშე გრძელვადიანად მასუდს გაუჭირდება. ხეობა, ფაქტობრივად, ალყაშია.
ამ ეტაპზე არც ამერიკელებს სცალიათ მასუდის დასახმარებლად. მათ ჯერ თავიანთი მოქალაქეები ჰყავთ ქაბულიდან გასაყვანი.

მასუდის ერთადერთ იმედად ამ ეტაპზე რჩება შეტევების მოგერიება იმ იმედით, რომ მომავალში კორიდორი გაჭრას ჩრდილოეთ ტაჯიკეთის მიმართულებით, რათა დაუკავშირდეს გარე სამყაროს. ხეობაშიც და მის ჩრდილოეთშიც სწორედ ეთნიკური ტაჯიკები ცხოვრობენ და მასუდიც თავის ბრძოლაში ძირითადად მათ ეყრდნობა.

ამ დღეების ბრძოლების შედეგები გვიჩვენებს, რა სცენარით განვითარდება მოვლენები“, - აღნიშნავს ზურა ბატიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 21 აგვისტოს თალიბანის მოწინააღმდეგე ძალებმა ავღანეთის ჩრდილოეთით სამი უბანი დაიკავეს.