მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ამირან სალუქვაძე: უპილოტო საფრენ აპარატზე შეიძლება მართვა დაკარგულიყო გარკვეული მიზეზების გამო

ამირან სალუქვაძე - ექსპერტი სამხედრო პოლიტიკურ საკითხებში.

სამხედრო ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-სთან კახეთში, კერძოდ საგარეჯოსა და ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ორი უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოვარდნის შესახებ საუბრობს.

ექსპერტის თქმით, ის ადამიანები, რომლებიც შეგნებულად ძაბავენ და „უჩხიკინებენ“ პოლიტიკურ პროცესებს უნდა დარწმუნდნენ, რომ მეზობელ სახელმწიფოებში მიმდინარე საომარი მოქმედებები საფრთხის შემცველია.

ამირან სალუქვაძე ამბობს, რომ მაქსიმალური პასუხისმგებლობის გამოჩენაა საჭირო როგორც ხელისუფლების ასევე მათი ოპონენტების მხრიდან.

„საბედნიეროდ მსხვერპლს არ აქვს ადგილი. ის, რომ საფრთხის შემცველია მეზობელ სახელმწიფოებში მიმდინარე საომარი მოქმედებები ახლა მაინც უნდა დარწმუნდნენ ამაში ის ადამიანები, რომლებიც ხშირად „უჩხიკინებენ“ და ძაბავენ შეგნებულად პოლიტიკურ პროცესებს, განსაკუთრებით ეთნიკური უმცირესობის რეგიონებში.

ბევრჯერ აღვნიშნე, რომ როცა მეზობლის სახლი იწვის თავს უსაფრთხოდ ვერ იგძნობ. მარტივი შედარებაა. მაქსიმალური პასუხისმგებლობა მართებს ყველას, პოლიტიკოსებს პირველ რიგში და შემდეგ ამ პოლიტიკური ძალების მიერ მართვად მედიასაშუალებებს. დეპუტატების სავარძლებს არ უნდა გადავაყოლოთ სახელმწიფოს ინტერესები ჩვენი ოჯახები და შვილები.

მსგავსი ინციდენტებით შეიძლება საფრთხე შეექმნას არა ცალკეულ მოქალაქეს, არამედ მთლიანად ქვეყანას. როცა მეზობელი სახელმწიფოდან ჭურვი ვარდება, ან უპილოტო ან პილოტირებადი საფრენი აპარატი ჩვენს ტერიტორიაზე რა თქმა უნდა ეს საფრთხის შემცველია. არის იმის საფრთხე, რომ ჩვენი მხრიდან არაგონივრული ქმედებების გამო შესაძლოა გაცილებით მეტი პოლიტიკური გართულებები მივიღოთ რეგიონში“, - აღნიშნა ექსპერტმა.

როგორც ამირან სალუქვაძემ აღნიშნა, ასეთ შემთხვევაში გონივრული და ზომიერი ქმედებებია საჭირო. სალუქვაძე აცხადებს, რომ ეს არ არის ის თემა, რომელიც წინასაარჩევნოდ პოლიტიკური დაპირისპირებისთვის უნდა გამოიყენონ.

„ძალიან გონივრული და ზომიერი ქმედებები გვმართებს ყველას, ხელისუფლებასაც და ხელისუფლების ოპონენტებსაც. ეს არ არის ის თემა, რომელიც გამოყენებული უნდა იქნას წინასაარჩევნოდ შიდა პოლიტიკური დაპირისპირებებისათვის. ამ სიტუაციაში უნდა მოვიქცეთ ყველა ისე როგორც მოიქცა ოპოზიცია 2008 წელს, როცა შეწყვიტეს პოლიტიკური ბრძოლა ხელისუფლებასთან. ეს ნათელი და საკმაოდ პოზიტიური მაგალითია. წინ არჩევნებია და იმას კი არ ვამბობ ხელისუფლებასთან ბრძოლა შეწყვიტონ, ყარაბაღის თემა გაიტანონ შიდა პოლიტიკური დაპირისპირების დღის წესრიგიდან“, - განაცხადა ამირან სალუქვაძემ.

ექსპერტი ვარაუდობს, რომ უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოვარდა სავარაუდოდ ტექნიკური პრობლემებიდან გამომდინარე მოხდა.

„ვფიქრობ და ძალიან დიდი ალბათობაა, რომ ეს იყო ტექნიკური პრობლემებიდან გამომდინარე. საკმაოდ ახლოს არის ჩვენთან საომარი მოქმედებები და შეიძლება საარტილერიო ჭურვი გადმოვარდეს აქეთ, ან რეაქტიული რაკეტა, პილოტირებადი ავიაციის შემოჭრის საშიშროებაც არის. ომი მიდის და ამ დროს საზღვრებს და მავთულხლართებს უპილოტო საფრენი აპარატი არ უყურებს. ამ საფრენ აპარატზე უბრალოდ შეიძლება მართვა დაიკარგოს გარკვეული მიზეზების გამო“, - აღნიშნა სალუქვაძემ.

ექსპერტი დარწმუნებულია, რომ შესაბამისი სტრუქტურები სათანადოდ ჩაატარებენ გამოძიებას.

„როცა ჩატარდება გამოძიება ალბათ რეაქცია მოჰყვება და ბოდიშიც იქნება მოხდილი დიპლომატიური არხებით“, - დასძინა ამირან სალუქვაძემ.

გუშინ, 7 ოქტომბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, კახეთში ორი უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოვარდნის შესახებ განცხადება გაავრცელა.