მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„არ გამოვრიცხავ, ევროკავშირმა ყველანაირი დახმარება შეგვიჩეროს“ - კახა გოგოლაშვილი მიშელის დოკუმენტის ანულირებაზე

რონდელის ფონდის დირექტორი კახა გოგოლაშვილი

„რონდელის ფონდის“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი მმართველი ძალის მიერ შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტის ანულირებას გაუგებარ ნაბიჯს უწოდებს.

მისი თქმით, მმართველი გუნდის ამ გადაწყვეტილების გამო, შესაძლოა, ევროკავშირმა საქართველოს ყველა დახმარება შეუჩეროს.

„რა თქმა უნდა, ძალიან ცუდი ნაბიჯი და გარკვეული უპატივცემულობაა ევროკავშირის მიმართ. ჯერ ერთი, იმის იმედი ჯერ გადაწურული არ იყო, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მოაწერდა ხელს შეთანხმების დოკუმენტს. საჭირო იყო მმართველი ძალა დალოდებოდა ამას. ეს ქმედება ჩემთვის გაუგებარია. შეთანხმების დოკუმენტის ანულირებულად გამოცხადება ნიშნავს, რომ ოპოზიციური პარტიები, რომლებიც პარლამენტში იყვნენ, ისინიც უნდა გავიდნენ და „ქართული ოცნება“ ისევ მარტო დარჩეს პარლამენტში, ეს განცხადება ნიშნავს ამას.

გამოდის ამისკენაა მოწოდება. ეს ძალიან ცუდი და აბსოლუტურად გაუგებარი ფაქტია. არ არის გამორიცხული, რომ 43%-ის ვერ მიღების შემთხვევაში არ შეასრულოს პირობა და უარი თქვას საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაზე. პარტნიორების მხრიდან ალბათ იქნება მკაცრი შეფასება. ამით გამოუვალ მდგომარეობაში აყენებენ მათ. თუ უარს ამბობენ ევროინტეგრაციაზე მაშინ სულ სხვანაირად ამოტრიალდება სიტუაცია.

არც იმას გამოვრიცხავ, რომ ევროკავშირიდან ყველანაირი დახმარება შეგვიჩერდეს. ის დახმარებები, რომლებიც დაპირებული იყო, არ არის გამორიცხული შეგვიჩერდეს“, - აღნიშნა კახა გოგოლაშვილმა სააგენტო PIA.GE-სთან საუბარში.

მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებში იგი „ნაციონალური მოძრაობის“ როლსაც უსვამს ხაზს და აცხადებს, რომ ენმ-ს 19 აპრილის შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერისთვის წინ არაფერი ედგა, თუმცა ეს ხელისუფლების ნაბიჯს ვერ გაამართლებს.

„აქვე უნდა ითქვას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იყო აბსოლუტურად არაკონსტრუქციული, ვიტყოდი ახლომხედველურ ქცევას და პოზიციას იჩენდა ამ საკითხთან დაკავშირებით. არაფერი ედგა წინ მათი მხრიდან დოკუმენტზე ხელმოწერას. შეეძლოთ ხელმოწერით ჩაებეტონებინათ ეს საკითხი და სხვა გზა არ დაეტოვებინათ ხელისუფლებისთვის.

თუმცა, ეს არ ამართლებს მმართველი ძალის გადაწყვეტილებას. ხელშეკრულებაზე ხელი ჰქონდათ მოწერილი სხვა პარტიებს, გარდა ამისა პარლამენტში უკვე შესული იყო „ნაციონალური მოძრაობაც“. შეიძლება ითქვას, რომ რაღაც პირობა ამ დოკუმენტიდან შეასრულა და გადამწყვეტი არ იყო ხელი ჰქონდა თუ არა მოწერილი შეთანხმებაზე“, - განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.

ინფორმაციისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა.

შესაბამისი განცხადება პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე გააკეთა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 „ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს

👉 „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პირდაპირ შეუწყო ხელი შეთანხმების ჩაშლას“ - სალომე სამადაშვილი

👉 „ვტოვებ პარლამენტს - არ არსებობს შეთანხმება, არ არსებობს ვალდებულება“ - ზურაბ ჯაფარიძე