მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ბაიდენმა მსოფლიოს დაანახა, რა განსხვავებაა აშშ-სა და რუსეთს ანუ დემოკრატიასა და ავტორიტარიზმს შორის“ - ზაქარეიშვილი

კონფლიქტების სპეციალისტი

ბაიდენმა მსოფლიოს დაანახა, რა განსხვავებაა აშშ-სა და რუსეთს შორის, რა განსხვავებაა დემოკრატიასა და ავტორიტარიზმს შორის“, - ასე აფასებს ექსპერტი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი აშშ-ის და რუსეთის ლიდერების შეხვედრას, რომელიც ჟენევაში გაიმართა.

როგორც მან საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-სთან საუბარში აღნიშნა, სამწუხაროდ, ლიდერებმა მსოფლიოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

„სამწუხაროდ, გამართლდა ჩემი მოლოდინი, რაზედაც თანხმდებოდნენ იმ საკითხებზე შეთანხმდნენ და რაზედაც ვერ თანხმდებოდნენ, კვლავ თავიანთ პოზიციებზე დარჩნენ.

ზოგადი, გლობალური მნიშვნელობის საკითხებზე შეთანხმდნენ, რაზედაც ცივი ომის შემდეგ ისედაც თანხმდებიან აშშ და რუსეთი. ისინი, ასევე, შეთანხმდნენ თავისი ქვეყნებისთვის საინტერესო საკითხზე, რაც მათ ქვეყნებში დიპლომატების დაბრუნებას გულისხმობს და მსოფლიოს არ ეხება. ამისთვის პრეზიდენტების შეთანხმება სულაც არ უნდა ყოფილიყო საჭირო. ასევე, შეთანხმდნენ, რამდენიმე პატიმრის გათავისუფლებაზე და ესეც არ არის გლობალურად მნიშვნელოვანი შედეგი.

რაც შეეხება მსოფლიო მნიშვნელობის საკითხებს, როგორიცაა ადამიანის უფლებები, კიბერშეტევები, აქ ვერანაირ პროგრესს მიაღწიეს. ცალსახად და მკაფიოდ დაადასტურეს, რომ აქვთ განსხვავებული პოზიციები. ბაიდენმა თავი მოიწონა, რომ ეს საკითხები დააყენა პუტინის წინაშე, პუტინმა კი რამდენჯერაც კითხვა დაუსვეს ადამიანის უფლებების შესახებ, განაცხადა, რომ ამერიკაში უარესები ხდება.

პუტინმა იმუშავა თავის ამომრჩეველზე. ის განდევნილია მსოფლიო პოლიტიკიდან, არსად იწვევენ და მას სჭირდება საგარეო ლეგიტიმაცია თავისი ხალხის თვალში და აღნიშნა, რომ შეხვედრა ბაიდენმა სთხოვა. დააფიქსირა, რომ მას კი არ სჭირდება მსოფლიო, ის სჭირდება მსოფლიოს. ბაიდენმა კი თქვა, რომ მე მაწუხებს საკითხები და ისინი დავსვი პუტინის წინაშე და ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ამაზე, ხოლო როცა კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მივიღებთ, რუსეთს ეს არ უნდა ეწყინოს და გაუკვირდეს“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

ექსპერტის შეფასებით, ასევე, უცვლელი დარჩა მათი პოზიციები უკრაინის საკითხზე და შესაძლოა კარგიც იყოს ის ფაქტი, რომ საქართველოს საკითხი ამ შეხვედრაზე არ განხილულა.

„ღმერთმა ქნას, რომ უკრაინის საკითხი დაიძრას და სასიკეთოდ გადაწყდეს, მაშინ საქართველოს საკითხიც მოგვარდება. მაგრამ, თუ უკრაინის საკითხი არ გვარდება, არ მიმაჩნია სწორად, რომ მოუგვარებელ უკრაინის საკითხს ჩაებას საქართველოს თემა. ცალკე საქართველოს საკითხის მოგვარება უფრო იოლია, ვიდრე მოუგვარებელ უკრაინის საკითხთან ჩაბმა. აქ მოქნილობაა საჭირო.

საქართველოს მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ აუცილებელი არაა საქართველო ახსენონ იმისთვის, რომ ეს საკითხი მოგვარდეს. მილიონჯერ უფრო მნიშვნელოვანია ის შრომა, რაც შარლ მიშელმა და მისმა წარმომადგენელმა გასწიეს საქართველოში და ის შრომა, რასაც მეგობარი კონგრესმენები ეწევიან, ვიდრე ბაიდენის მიერ საქართველოს ერთი-ორჯერ ხსენება.

პუტინი გამარჯვებული გამოჩნდა მხოლოდ თავისი ხალხის თვალში. იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არის ავტორიტარული მმართველი და ნუ ელოდებიან რუსეთისგან დემოკრატიას ანუ პუტინმა კიდევ ერთხელ აღიარა, რომ დემოკრატია სხვაა.

ამიტომ ილუზიებით არ უნდა ვიკვებებოდეთ, რომ რუსეთი შეიცვლება. ჩვენ ჩვენს თავს თვითონ უნდა მივხედოთ და ამოვიდეთ ჭაობიდან. რუსეთი ან ძალიან დიდ ხანს, ან საერთოდ არასდროს გახდება უკეთესი, ამიტომ თუ ვინმემ რამე შედეგს მიაღწია, ბაიდენმა მსოფლიოს დაანახა რა განსხვავებაა აშშ-სა და რუსეთს შორის, რა განსხვავებაა დემოკრატიასა და ავტორიტარიზმს შორის“, - აღნიშნა ექსპერტმა.

ინფორმაციისთვის, 16 ივნისს ჟენევაში აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართა, რომელიც 2 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ „საკითხს გაკვრით შევეხეთ, აქ არაფერია განსახილველი“ - პუტინი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე

⭕ „ალექსეი ნავალნის საქმეზე ხმას ავიმაღლებთ “ - ბაიდენი

⭕ „არანაირი მტრული განწყობა არ გვქონია“ - პუტინი ბაიდენთან შეხვედრაზე