მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

BBC: კავკასიის რეგიონში რუსეთის გაძლიერება საქართველოს ახალ პრობლემებს შეუქმნის

რუსი სამშვიდობოები ყარაბაღში

BBC მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაფორმების შემდეგ რეგიონში ძალთა გადანაწილებაზე სტატიას წერს. მასში აღნიშნულია, რომ მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება კონფლიქტის სრულმასშტაბიან დარეგულირებას ხელს შეუწყობს, მაგრამ ქართველ ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ შეთანხმების შედეგად რუსეთი ამ რეგიონში გავლენას გააძლიერებს, რამაც თბილისს შეიძლება ახალი პრობლემები შეუქმნას.

„მთიან ყარაბაღში 44-დღიანი დაპირისპირების დროს საქართველო ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდა. მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების დროს თბილისმა დროებით შეაჩერა სამხედრო ტვირთების ტრანზიტი როგორც სომხეთში, ასევე, აზერბაიჯანში. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაფორმების შემდეგ კი თბილისმა რუსი სამშვიდობოებისთვის საჰაერო სივრცე გახსნა - პირველად რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ. მთიან ყარაბაღში დაახლოებით 2 ათასი რუსი სამშვიდობო განთავსდება“ - წერს BBC.

ერთ-ერთი პირველი მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეჩერების შეთანხმებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა. მან სომხეთსა და აზერბაიჯანს ომის დასრულება მიულოცა და ყველა შუამავალს მადლობა გადაუხადა. „მშვიდობას და სტაბილურობას ალტერნატივა არა აქვს. ჩვენ ყველა ერთად თანაშრომლობის ახალ ეტაპს ვიწყებთ“ - დაწერა ზურაბიშვილმა „ტვიტერში“.

BBC-ის ინფორმაციით, პრეზიდენტის ამ განცხადებამ სოცქსელების მომხმარებელთა უკმაყოფილება გამოიწვია. სოციალური ქსელების სომეხმა მომხმარებლებმა „ასეთივე მშვიდობა და სტაბილურობა“ საქართველოს უსურვეს. ზურაბიშვილის ამ ტვიტს უკმაყოფილება საქართველოშიც მოჰყვა.

„სულ რაღაც 12 წელი ყოფილა საჭირო იმისთვის, რომ საქართველოს პრეზიდენტმა რუსეთს ირიბად მადლობა გადაუხადოს. თქვენგან ბევრს არაფერს ვითხოვთ, ქალბატონო პრეზიდენტო, მხოლოდ ასეთ სამარცხვინო განცხადებებს ნუ აკეთებთ“ -დაწერა სოციალური ქსელის ერთ-ერთმა მომხმარებელმა.

ზურაბიშვილის ამ განცხადების გამო აღშფოთება გამოთქვა აშშ-ის ყოფილმა ელჩმა საქართველოში იან კელიმ. „როგორ შეიძლება საქართველოს პრეზიდენტმა მიულოცოს შეთანხმება, რომელიც კავკასიაში რუსეთის კიდევ ერთ ოკუპაციას აკანონებს?“ - წერს კელი.

BBC-ს ინფორმაციით, შეთანხმება რეგიონში ახალ სტატუს-ქვოს აკანონებს, რაც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის საბოლოო დარეგულირებას არ ნიშნავს - აცხადებენ ქართველი პოლიტოლოგები.

უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორის დავით ბრეგვაძის განცხადებით, ამ შეთანხმებით ყველაზე მეტი რუსეთმა მოიგო, რომლის შეიარაღებული ძალები აზერბაიჯანის ტერიტორიაზე განთავსდება, ანუ იქ, სადაც ის აქამდე არ იყო წარმოდგენილი.

„რუსეთს აზერბაიჯანზე ზემოქმედების ბერკეტები გაუჩნდა. გარდა ამისა, მან აღადგინა და, შესაძლოა, გააძლიერა, გავლენა სომხეთზე, რომელიც 2018 წლის შემდეგ შესუსტებული იყო. რუსეთი თავს წარმოაჩენს როგორც ერთადერთ ძალას, რომელსაც სამხრეთ კავკასიაში შუამავლის როლის შესრულება შეუძლია“ - აცხადებს ბრეგვაძე. მას მიაჩნია, რომ სინამდვილეში რუსი სამშვიდობოების განთავსება კონფლიქტს კი არ მოაგვარებს, არამედ მის მოგვარებას გააჭიანურებს. „ახალი რეალობა, რომელშიც რუსეთი - მშვიდობისმყოფელია, ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ ეს კონფლიქტიც დიდი ხნის განმავლობაში ვერ მოგვარდება. კონფლიქტები, სადაც რუსი სამშვიდობოები ჩნდებიან, არასოდეს მოგვარებულა. ამაზე შეიძლება საუბარი საქართველოსა და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების მაგალითზე. პრაქტიკაში ასეთი რამე არ მომხდარა“ - აცხადებს ბრეგვაძე.

BBC -ს ცნობით, საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ფონდის ექსპერტის, ზურაბ ბატიაშვილის განცხადებით, აზერბაიჯანისთვის ამ შეთანხმების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტია ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან სახმელეთი გზის გახსნა, რაც მას თურქეთთანაც დააკავშირებს. ამ გზას და მასზე გადაადგილებას რუსეთის ფედერალური სასაზღვრო სამსახური გააკონტროლებს, შესაბამისად, რუსეთს არა მარტო სომხეთზე და აზერბაიჯანზე, არამედ თურქეთზე ზეწოლის მექანიზმიც უჩნდება.

ბატიაშვილის აზრით, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი საქართველოში არსებულ კონფლიქტებზე არ იმოქმედებს. „ჩვენი პრიორიტეტია აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირება. იქ სხვა რეალობაა, რუსეთმა მათი დამოუკიდებლობა აღიარა, თანაც თუ სომხეთი და აზერბაიჯანი დაახლოებით თანაბარ წონით კატეგორიაში არიან, რუსეთი და საქართველო სხვადასხვა კატეგორიის მოთამაშეა და ამ საკითხში სამხედრო მოგვარებაზე საუბარი არ შეიძლება იყოს“ - აცხადებს ექსპერტი.

მისი ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს მომავალი ვიზიტი საქართველოში დასავლეთის მხრიდან მხარდაჭერის ნიშანი უნდა იყოს. „პომპეოს ტურნეში საქართველო ბოლო მომენტში აღმოჩნდა. ეს გადაწყვეტილება სწორედ ყარაბაღში განვითარებული მოვლენების შემდეგ იყო მიღებული. ჩემი აზრით, დასავლეთი საქართველოსთან ურთიერთობების გაღრმავებას შეეცდება, რაც საქართველოს ინტერესებშიც შედის. “ - ამბობს ექსპერტი.

სხვა ექპერტებისგან განსხვავებით, რომლებიც საქართველოს სატრანზიტო როლის შესაძლო შემცირებაზე საუბრობენ, ექსპერტს მიაჩნია, რომ უკვე განხორციელებულ ენერგეტიკულ პროექტებს არაფერი ემუქრება.

თუმცა მომავალი პროექტები აზერბაიჯანმა, შესაძლოა, საქართველოს ნაცვლად რუსეთის გავლით განახორციელოს, ამიტომ თბილისმა თავისი შესაძლებლობების დივერსიფიკაციაზე უნდა იფიქროს.

ბატიაშვილი ასევე აცხადებს, რომ თურქეთის როლის გაძლიერება რეგიონში საქართველოსთვის დადებითი ფაქტორია, ვინაიდან ის რუსეთის გავლენის დაბალანსების საშუალებაა.

„ჩვენთვის ძირითდი საფრთხე დღეს რუსეთია. ნებისმიერი სახელმწიფო, ძალა, ფაქტორი, რომელიც რუსეთს დააბალანსებს, ჩვენთვის პოზიტივია. ეს შეიძლება არც იყოს დემოკრატიული სახელმწიფო, მაგრამ ჩვენს მიმართ არ იყოს მტრულად განწყობილი. თურქეთთან ჩვენ კარგი, პარტნიორული ურთიერთობები გვაქვს და ჩვენს შორის სერიოზული პრობლემები არ არსებობს“ - აცხადებს ექპერტი.

როგორც BBC წერს, კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ თურქეთი ნატოს წევრი ქვეყანაა და ის ალიანსში საქართველოს გაწევრიანებას მხარს უჭერს. ზაქარეიშვილს მიაჩნია, რომ მთიან ყარაბაღში განვითარებული მოვლენების შემდეგ საქართველოს ნატოში გაწევრიანებისკენ სერიოზული ნაბიჯის გადადგმა შეუძლია.

„საქართველოს აქვს კარგი შანსი, რომ ისევ დაელაპარაკოს დასავლეთის ქვეყნებს და რუსეთის ახალი ნაბიჯების საპასუხოდ სულ მცირე ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (MAP) მაინც მიიღოს“ - განაცხადა ზაქარეიშვილმა . მას მიაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ მიმართულებით ძალზე პასიურია და ამ შესაძლებლობას სავარაუდოდ ვერ გამოიყენებს.

ექსპერტს არ მიაჩნია, რომ მთიანი ყარაბაღის ომის შედეგად რუსეთი ამ რეგიონში მნიშვნელოვნად გაძლიერდა. „რუსეთი ინარჩუნებს კარგ მიმიკას ცუდი თამაშის დროს. სინამდვილეში კი ის, რაც რუსეთმა 30 წლის განმავლობაში ვერ გადაწყვიტა, აზერბაიჯანმა თურქეთის დახმარებით რამდენიმე კვირაში მოაგვარა.

რუსეთის კიდევ ერთი ბაზა რეგიონში ძალთა გადანაწილების მხრივ არაფერს შეცლის, რუსეთს ისედავ აქვს სამხრეთ კავკასიაში სამი ბაზა - გიუმრიში, აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში. ყველა ბაზის განთავსება ძალის გამოყენებით მოხდა, და არა მშვიდობის უზრუნველსაყოფად, რუსეთმა შეძლო და თავის ისტორიულ მოკავშირესთან, მართლმადიდებელ საქართველოსთან 2008 წელს საბოლოოდ გაიფუჭა ურთიერთობები. ცივილიზაციურად რუსეთი ამ რეგიონიდან მიდის, თურქეთის პოზიციები კი ძლიერდება, თურქეთი ცივილიზაციურად შედის ამ რეგიონში. ეს ბოლო ასი წლის განმავლობაში არ მოხმდარა. ეს არის მნიშვნელოვანი ახალი ამბავი და არა რუსეთის კიდევ ერთი სამხედრო ბაზა “ - აცხადებს ზაქარეიშვილი.