მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დანებდა თუ არა მერკელი პუტინს? მოსკოვი გაზის სარქველებს „აჟღარუნებს“

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი Pia.ge

ბლუმბერგი იუწყება, რომ რუსეთის გაზის მონოპოლისტმა „გაზპრომმა“ ევროკავშირისთვის გაზის გაყიდვები 2022 წლისთვის მას შემდეგ შეაჩერა, რაც გერმანულმა სასამართლომ უარყო მისი სარჩელი გერმანიის ფედერალური ქსელის სააგენტოს გადაწყვეტილების წინააღმდეგ. გერმანიის გაზის მარეგულირებელმა უარი თქვა, რომ Nord Stream 2-ის მიმართ არ გავრცელდეს ევროკავშირის მესამე ენერგეტიკული პაკეტის ნორმები, რომლებიც უკრძალავს ერთ კომპანიას იყოს როგორც გაზმიმწოდებელი, ასევე, გაზსადენის მფლობელი.

„გაზპრომისთვის“ ეს ნიშნავს, რომ ბალტიის ზღვის ფსკერზე განთავსებული მილები მოსალოდნელია ნახევრად ცარიელი, ხოლო 10 მილიარდი ევროს ღირებულების პროექტის შემოსავალი შესაძლოზე ორჯერ ნაკლები იყოს.

გადაწყვეტილება დიუსელდორფის სასამართლომ მიმდინარე წლის 25 აგვისტოს მიიღო და იმავე დღეს „გაზპრომმა“ 2022 წლის გაყიდვები შეაჩერა თავის ელექტრონულ პლატფორმაზე. ამ პლატფორმაზე კლიენტებს შეეძლოთ შეეძინათ გრძელვადიანი კონტრაქტებით გათვალისწინებული გაზის დამატებითი მოცულობები.

2022 წლის ბოლო კონტრაქტი 23 აგვისტოს გაიყიდა. ახლა რუსული გაზი ხელმისაწვდომია მხოლოდ 2022-23 წლების ზამთრისა და 2023 წლისთვის.

„გაზპრომმა“ სავაჭრო პოლიტიკა სასამართლოს გადაწყვეტილებიდან ერთი საათში შეცვალა და ახლა გაზით მოვაჭრეები „ზღვარზე არიან“, აღნიშნავს ბლუმბერგი: მათ არ აქვთ საკმარისი დრო ზამთრის დაწყებამდე გაზსაცავების შესავსებად, როდესაც მოთხოვნა მკვეთრად იზრდება. ბაზარი რეაგირებს გაზის ფასების ახალ ნახტომზე, რომელიც კანცლერ ანგელა მერკელის მოსკოვში ვიზიტის შემდეგ შემცირდა.

ICE ბირჟაზე სექტემბრისთვის გაზის მიწოდების ფიუჩერსული კონტრაქტების ფასი ათას კუბურ მეტრზე ორშაბათის 510 აშშ დოლარიდან ხუთშაბათს 560 აშშ დოლარამდე გაიზარდა, პარასკევს, ვაჭრობის ბოლოს კი პრაქტიკულად გამეორდა აგვისტოს დასაწყისის რეკორდი - 584,25 აშშ დოლარი.

წლის დასაწყისიდან ევროკავშირში გაზი 193%-ით გაძვირდა, მათ შორის 30%-ით ივლისის ბოლოდან, როდესაც „გაზპრომმა“ „იამალ-ევროპის“ გაზსადენით გერმანიაში გაზის გადატუმბვა სამჯერ შეამცირა.

მერკელის მოსკოვში გამოსამშვიდობებელი ვიზიტის შემდეგ გაზის მიწოდება პრაქტიკულად ძველ რეჟიმში (60 მილიონი კუბური მეტრი დღეში) განახლდა, რამაც გაზის ბაზარზე მოკლე დროში დასწია ტემპერატურა ათას კუბურ მეტრზე 500 დოლარზე ქვევით.

ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებისას მერკელმა ოპოზიციის ლიდერის ალექსეი ნავალნის გათავისუფლება მოითხოვა და ასევე, გააფრთხილა მოსალოდნელი სანქციების შესახებ, თუ რუსეთი გაზს პოლიტიკურ იარაღად გამოიყენებს.

მერკელს ძაღლების აღარ ეშინია

2007 წელს სოჭში, იმ ოთახში, სადაც პუტინისა და მერკელის უმაღლესი დონის შეხვედრა მიმდინარეობდა „შემთხვევით“ შევიდა რუსეთის პრეზიდენტის საყვარელი ლაბრადორი კონი, რომელმაც გვარიანად შეაშინა რკინის ფრაუ. უცხოური გამოცემები მაშინ წერდნენ, რომ პუტინმა ეს სპეციალურად გააკეთა, რადგან იცოდა გერმანიის კანცლერს შიშების შესახებ, რადგან 1995 წელს მას ძაღლმა უკბინა.

გერმანული გამოცემა „ფოკუსის“ ჟურნალისტმა ამ ინციდენტის თაობაზე განაცხადა, რომ კანცლერ მერკელს ეშინია რუსეთის პრეზიდენტის ძაღლის, მაგრამ არ ეშინია რუსეთის ძაღლი პრეზიდენტის (Sie hat zwar angst vor Putins Hund, aber keine angst vor dem Hund Puti).

როგორც ჩანს, გერმანიის უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობაზე ყოფნის მიწურულს ფრაუ მერკელმა ძაღლების შიში დაამარცხა.

თემაზე იმუშავა გ. აგულაშვილმა