მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ევროკავშირისგან მეორე ტრანშს ისედაც ვერ მივიღებდით, რადგან მთავრობამ ვალდებულებები არ შეასრულა“ - კახა გოგოლაშვილი

საერთაშორისო ექსპერტი კახა გოგოლაშვილი

„რონდელის ფონდის“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილის განცხადებით, საქართველო ევროკავშირის სესხის მეორე ტრანშს ისედაც ვერ მიიღებდა, რადგან მთავრობამ ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა.

როგორც მან საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-სთან საუბარში აღნიშნა, მთავრობამ დაასწრო ევროკავშირს, როცა განაცხადა, რომ დარჩენილი 75 მლნ ევროს აღებისგან თავს შეიკავებს.

„პირველ რიგში, ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ სესხი უბრალოდ არ გაიცემა. ეს ხდება გარკვეული შეთანხმების საფუძველზე და 2020 წელს გაფორმდა მემორანდუმი საქართველოსა და ევროკავშირს შორის, რომელშიც გაიწერა სესხის გაცემის პირობები და ვალდებულებები.

ამ შეღავათიანი სესხის მეორე ტრანში უნდა მიგვეღო 30 სექტემბრამდე, მემორანდუმის პირობების შესაბამისად. პირველი ნაწილი მივიღეთ 2020 წელს, რომლისთვისაც საჭირო იყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულება, ხოლო მეორე ნაწილის მიღება შეგვეძლო თუ შევასრულებდით როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდის პირობებს, ისე ევროკომისიის მიერ დადგენილი მოთხოვნები. მემორანდუმის მეხუთე პუნქტში მთელი აბზაცი ეთმობა საქართველოს მთავრობის მიერ გასატარებელ რეფორმებს, მათ შორის ნახსენებია ვენეციის კომისიის 2019 წლის დასკვნა, რომელიც სწორედ მოსამართლეთა არჩევის წესს ეხება.

ის ავალდებულებს საქართველოს გაატაროს სასამართლოს რეფორმა, საუბარია სასამართლოს გამჭვირვალეობასა და მიუკერძოებლობაზე. მთავარი საკითხი კი არის ის, რომ მოსამართლეთა არჩევის წესი ვენეციის კომისიის მოთხოვნებთან შესაბამისობაში უნდა მოეყვანათ, რაც პრინციპში, არ გაკეთდა. ჩვენ ამ ტრანშს მაინც ვერ მივიღებდით.

ევროკომისიის წარმომადგენელი აბსოლუტურ სიმართლეს ამბობს, რომ ევროკომისია შეგვიჩერებდა ამ ტრანშს, რადგან ის არ თვლის, რომ შევასრულეთ პირობა. განცხადებაც იყო გაკეთებული მოსამართლეთა დანიშვნის შემდეგ, რომ ეს ეწინააღმდეგებოდა ამავდროულად შარლ მიშელის დოკუმენტს. პრაქტიკულად დაასწრეს ევროკავშირს სესხზე უარის თქმა, რადგან ევროკავშირი პირობების შესრულებას 30 სექტემბრამდე ელოდებოდა.

მთავრობის მიზანი იყო არ მომხდარიყო არჩევნებამდე მმართველი ძალის დისკრედიტაცია, როცა გაცხადდებოდა, რომ თურმე ევროკავშირი უარს ამბობს საქართველოსთვის მეორე ტრანშის გადმორიცხვაზე“, - აღნიშნა კახა გოგოლაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს შეეძლო აღნიშნული თანხით კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული ბევრი პრობლემა მოეგვარებინა, ამავდროულად, არსებობდა შანსი, რომ ევროკავშირს ეს დავალიანება ეპატიებინა.

„ქართულ ოცნებას“ რომ ეთქვა „სესხის აღებაზე უარს ვამბობთ, მაგრამ პირობებს მაინც შევასრულებთ“, ეს სხვა საკითხი იქნებოდა, მაგრამ გამოვიდა ისე, რომ არც ფულს იღებენ და არც ვალდებულებას ასრულებენ. აქ უკვე პრობლემა გვაქვს. ევროკავშირი მემორანდუმში პირობებს იმიტომ დებს, რომ საქართველოსთან დაახლოება უნდა, ცდილობს საქართველოში გატარდეს დემოკრატიული რეფორმები და ა.შ.

ასეთი გადაწყვეტილებებით ჩვენ ევროკავშირთან დაახლოებისთვის ბარიერებს ვიქმნით. როგორც ჩანს მთავრობა ვერ ელევა თავის ავტორიტარულ ბერკეტებს, რომელიც ქვეყნის ინტერესებისთვის უნდა დათმოს. ასეა ძალიან ბევრი მთავრობა, მაგალითად თურქეთი, სადაც ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2004 წელს დაიწყო, თუმცა დღეს ეს პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია. როგორც ჩანს ჩვენს მთავრობასაც აქვს ეს ნაკლი“, - აღნიშნა კახა გოგოლაშვილმა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ „ევროპარლამენტარი არ არის ჩემი უფროსი, ჩვენი უფროსი არის ქართველი ხალხი“ - პრემიერი

⭕ საქართველომ ვერ შეძლო სათანადოდ შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობა - ევროკავშირის წარმომადგენლობა

⭕ „დახმარებაზე უარის თქმა იმ სტრატეგიის ნაწილია, რომ საქართველო დასავლეთს ჩამოშორდეს“ - იან კელი