მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ირაკლი ღარიბაშვილის მოსვლამ და მისმა განცხადებებმა წინასწარვე შექმნა განცდა, რომ მელიას დააპატიმრებდნენ“ - ძაბირაძე

ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში

ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში ვახტანგ ძაბირაძე ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-სთან საუბარში ქვეყანაში მიმდინარე მწვავე პოლიტიკურ პროცესებსა და „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაპატიმრების საკითხს აფასებს. 

ექსპერტი ამბობს, რომ ნიკა მელიას დაპატიმრება მოსალოდნელი იყო, რადგან ღარიბაშვილის ხელისუფლებაში მოსვლამ და მისმა განცხადებებმა ეს განცდა წინასწარვე შექმნა.

ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ ძალიან საყურადღებო და გამაფრთხილებელია ის განცხადებები, რაც საქართველოს დასავლელი პარტნიორების მხრიდან გაჟღერდა.

ექსპერტის თქმით, ხელისუფლებას, რომელიც ამ მიმართულებით ნაბიჯის გადადგმას აპირებდა, წინასწარ უნდა ეზრუნა იმაზე, რომ თუ რა რეაქციას გამოიწვევდა პარტნიორების მხრიდან.

„ეს იყო მოსალოდნელი. ყოველშემთხვევაში ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა ის, რომ სპეცოპერაცია განხორციელდა. ირაკლი ღარიბაშვილის მოსვლამ ხელისუფლებაში და მისმა განცხადებებმა წინასწარვე შექმნა იმის განცდა, რომ ხელისუფლება ასეთ ნაბიჯს გადადგამდა.

ერთის მხრივ კარგია ის, რომ ოპოზიციამ არ გაუწია წინააღმდეგობა და არ მოხდა ადამიანების დაშავება. ეს ნამდვილად პოზიტიურია, მაგრამ ზოგადად, რომ შევაფასოთ არსებული ვითარება არ ველოდები, რომ ამ დაპატიმრებას მოჰყვება ფართომასშტაბიანი და პერმანენტული აქციები. შეიძლება ერთი, ორი დღე გაგრძელდეს.

ძალიან საყურადღებოა მომხდარის მიმართ ჩვენი დასავლელი პარტნიორების დამოკიდებულება. საკმაოდ შემაშფოთებელი და გამაფრთხილებელი განცხადებები მოვისმინეთ მათი მხრიდან. ჯერჯერობით ეს ყველაფერი რჩება სიტყვიერ განცხადებებად გაფრთხილების დონეზე, ნამდვილად არ ვისურვებდი, რომ პროცესი უფრო ღრმად წასულიყო და ნაბიჯები გადადგან პარტნიორებმა. ხელისუფლება, რომელიც ამ მიმართულებით ნაბიჯის გადადგმას აპირებდა, წინასწარ უნდა ეზრუნა იმაზე, რომ თუ რა რეაქციას გამოიწვევდა ჩვენი პარტნიორების მხრიდან. ჯერჯერობით ასეთი განცდაა, რომ დასავლეთში საკმაოდ ნეგატიურად შეაფასეს არსებული ვითარება“, - განაცხადა ძაბირაძემ.

კითხვაზე ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ საქართველოს მისამართით სანქციები იყოს დაწესებული ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ გამორიცხული არაფერია.

„გამორიცხვით ვერ გამოვრიცხავ, მაგრამ არ ვისურვებდი ნამდვილად, რადგან ეს ურტყამს არა მარტო ხელისუფლებას, არამედ ქვეყანას. ხელისუფლებამ ამ მიმართულებით უნდა იმუშაოს, რომ ამას სანქციები არ მოყვეს. პროცესი საკმაოდ ღრმად წავიდა და სანამ ხელისუფლება ნაბიჯს გადადგამდა და დასავლელი პარტნიორების რეაქცია მოყვებოდა, მანამდე უნდა მოეგვარებინა.

სამწუხაროდ, არც ხელისუფლება და არც ოპოზიცია ჩვენი პარტნიორების გაფრთხილებებსა და მოწოდებებს საერთოდ არ ითვალისწინებდნენ. ბოლო 3 თვეა ოპოზიციას მოუწოდებენ, რომ შევიდეს პარლამენტში და ახლა მოუწოდებენ ხელისუფლებას, რომ არ გადადგას აღმკვეთი ღონისძიების ნაბიჯი. სამწუხაროდ, ჩვენთან უკვე დგას პოლიტიკური სპექტრის საკითხი, რამდენად ადეკვატურია ის იმ პრობლემებისადმი, რასაც ქართული სახელმწიფოებრიობა და რეალურად ჩვენი დასავლური მისწრაფებების რეალიზაცია ჰქვია“, - დასძინა ვახტანგ ძაბირაძემ.

ინფორმაციისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას გამოძიება 2019 წლის 20-21 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავება.

23 თებერვლის დილას, სპეცრაზმი „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შეიჭრა და ნიკა მელია დააკავა. ამავე ღონისძიებისას პოლიციამ ადმინისტრაციული წესით ასევე 21 პირი დააკავა.

აგრეთვე წაიკითხეთ:👇

👉 გიორგი კვირიკაშვილი: ხელისუფლებამ მოკლე დროში უნდა გაათავისუფლოს ნიკა მელია

👉 „ის, რაც დღეს საქართველოში მოხდა შემაშფოთებელია“ - ანდერს ფოგ რასმუსენი

👉 „საქართველოს ისტორიაში არასოდეს მომხდარა ასეთი სახით, ბრუტალურად დაეპატიმრებინათ მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი“ - სააკაშვილი

👉 „მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის დაკავება ღრმა შეშფოთებას იწვევს“ - ჯეიმს აპატურაი