მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

IRI: გამოკითხულთა 82% პანდემიასთან მთავრობის ბრძოლით კმაყოფილია

მთავრობის ბრძოლა კორონავირუსთან

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) აგვისტოს კვლევის თანახმად, მოსახლეობის 82% პანდემიასთან ბრძოლის პროცესში მთავრობის მოქმედებებით კმაყოფილია.

მიმდინარე წლის ივნისში ჩატარებული კვლევის მიხედვით ეს მონაცემი შემდეგნაირად გამოიყურებოდა: მოქალაქეთა 79% კმაყოფილი იყო მთავრობის პანდემიასთან ბრძოლის სტრატეგიით.

კითხვაზე, თუ რა არის მთავრობის უმთავრესი მიღწევა, რესპონდენტების დიდი ნაწილი (22%) სწორედ კორონავირუსთან ბრძოლას ასახელებს. იმავე კითხვაზე, გამოკითხულთა 12% ამბობს, რომ მთავრობის მეორე მიღწევა ჯანდაცვის რეფორმაა.

რაც შეეხება ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებს, კვლევამ კვლავ აჩვენა, რომ უმუშევრობა სოფლად თუ ქალაქში მცხოვრები მოსახლეობისთვის ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს. გამოკითხულთა 25%-მა პროცენტმა სწორედ უმუშევრობა დაასახელა ქვეყნის უმნიშვნელოვანეს პრობლემად.

რესპონდენტების 31%-მა განაცხადა, რომ უმუშევრობა მათი ოჯახისთვის ყველაზე დიდი გამოწვევაა. კითხვაზე, თუ როგორ შეიცვალა ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა კორონავირუსის პანდემიის დროს, გამოკითხულთა 64%-მა უპასუხა, რომ სიტუაცია გაუარესდა (მათ შორის 25% თვლის რომ „ძალიან გაუარესდა“, ხოლო 39% მიიჩნევს, რომ „მეტნაკლებად გაუარესდა“).