მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ისევ ერთპარტიული მთავრობა და ქაოსი პარლამენტში - რამაზ საყვარელიძის პროგნოზი

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ორგანიზაცია Survition-ის კვლევებს ენდობა, რომლის თანახმადაც 2020 წლის სპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ იმარჯვებს.

როგორც პოლიტოლოგი PIA.GE -სთან საუბრისას აცხადებს, არჩევნების შემდეგ ისევ ერთპარტიული მთავრობა ჩამოყალიბდება.

მისი თქმით, ქვეყანაში პარტიები არ არიან მზად, რომ კოალიციური მთავრობა შექმნან.

„ერთპარტიული მმართველობა ჯობია, თუ მრავალი უხარისხო პარტიის შედეგად შექმნილი მმართველობა? - საკითხი ასე ისმის. ხომ ხედავთ რა მდგომარეობაა, არ არიან პარტიები მზად, რომ თავის თავზე აიღონ მართვის, თუნდაც რაღაც პროცენტი“,- აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.

პოლიტოლოგის შეფასებით, კოალიციური მთავრობა რომ შეიქმნას, უნდა იყოს პროფესიული დაპირისპირებები და არა პიროვნული.

„დაპირისპირება ძირითადად სხვის შეურაცხყოფაშია ასახული. ჩვენთან კი არა, აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატების პირველი დებატები იყო პიროვნულზე ორიენტირებული, ერთმანეთს შეურაცხყოფას აყენებდნენ.

პიროვნებაზე გადასვლა სხვაგანაც ხდება, თუმცა, სხვაგან ეს ნაკლებს ზიანს აყენებს ქვეყანას, რადგან ის ქვეყნები უფრო მაგრად დგანან, ვიდრე ცალკეული პოლიტიკოსები. ჩვენთან ჯერ კიდევ ბევრი პრობლემაა. შესაბამისად, პოლიტიკოსების ხარისხია უფრო მნიშვნელოვანი“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

მისი თქმით, კოალიციურმა მთავრობამ სხვა ევროპულ ქვეყნებში კრიზისი შექმნა.

„ერთის მხრივ დამაფიქრებელია, რამდენად სწორი იყო კოალიციური მთავრობის და შესაბამისად საპარლამენტო რესპუბლიკისკენ თავქუდმოგლეჯილი სწრაფვა, როგორც ჩვენ გვაქვს“, - აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.

პოლიტოლოგი მე-10 მოწვევის პარლამენტს, რომელიც ერთჯერადად დაწესებული 1%-იანი ბარიერის გამო მრავალპარტიული იქნება, „ქაოსს“ უწინასწარმეტყველებს.

„მცირე და ძლიერი პარტიები ჯობდა, მრავალს და სუსტს. ყველა პარტია ეცდება მივიდეს მიკროფონთან, ასეთი იქნება ძალიან ბევრი. ჩვენ ანალოგიური პარლამენტი 90-იან წლებში გვქონდა, სადაც ქაოსის ხარისხი ძალიან მაღალი იყო. მაგიტომ აწესებენ ბარიერებს, რომ პარლამენტში ქაოსი არ იყოს. აქ იქნება ქაოსი“,- განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

ინფორმაციისთვის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ხვალ, 31 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნები 120/30-ზე მოდელით და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანოში პროპორციული სიით 120 დეპუტატი შევა, მაჟორიტარი კი, 30 იქნება.

ერთჯერადად რჩება ბლოკის ინსტიტუტი. ბლოკებისთვის არის დიფერენცირებული საარჩევნო ბარიერი, კერძოდ რამდენი პარტიაც იქნება წარმოდგენილი ბლოკში, იმდენი პროცენტი უნდა გადალახოს საარჩევნო სუბიექტმა.

პარტია, რომელიც არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობას დამოუკიდებლად ვერ დააკომპლექტებს.