მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ხვდებიან იმისთვის, რომ გაავლონ წითელი ხაზები და შეთანხმდნენ იმაზე, რაზე ვერ თანხმდებიან“ - კონფლიქტოლოგი ბაიდენი-პუტინის შეხვედრაზე

კონფლიქტების ექსპერტი

კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის შეფასებით, ბაიდენისა და პუტინის შეხვედრის ძირითადი მიზეზი აშშ- რუსეთს შორის სადავო საკითხებზე შეჯერება იქნება.

როგორც მან აღნიშნა, ქვეყნებს შორის ურთიერთობის პირველი რიგის საკითხები უკვე შეთანხმებულია და როგორც წესი, ლიდერები ამას სატელეფონო საუბრით აკეთებენ ხოლმე.

„უნდა ვთქვათ, რომ რუსეთსა და ამერიკას შორის მრავალი კავშირია, მათ შორის ბევრი სანდოა. ურთიერთსაინტერესო საკითხებზე კავშირები იმდენად მყარია, რომ ამისთვის შეხვედრები საჭირო არაა. როგორც წესი, პირველი პირები ხვდებიან მაშინ, როცა რაღაც საკითხი მოსაგვარებელია, რომელსაც მინისტრები ან სხვადასხვა სამსახურები ვერ აგვარებენ.

ამ დროს ხვდებიან პირველი პირები, რათა მათ მიიღონ გადაწყვეტილება და ამის ფონზე განაგრძონ მინისტრებმა მუშაობა. რაც კარგია ამერიკასა და რუსეთს შორის, ის რჩება.

გლობალური და სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხები მათ შორის მოგვარებულია, როგორიცაა ბირთვული განიარაღება, ბირთვულ იარაღზე კონტროლი. ასეთ საკითხებს მაშინვე, ტელეფონით აგვარებენ. როგორც კი ბაიდენის ინაუგურაცია შედგა, მაშინვე ტელეფონით მოაგვარეს ეს საკითხები. ასეთივე საკითხია ტერორიზმი, რომელიც დიდი ხანია დალაგებულია.

მისი თქმით, ბაიდენი წინამორბედისგან განსხვავებით პარტნიორი ქვეყნების დემოკრატიის დამცველი იქნება და ამის გამო პუტინთან ახალი წითელი ხაზების გავლება გახდება საჭირო.

„არის შედარებით არასტრატეგიული მნიშვნელობის საკითხები ორივე სახელმწიფოსთვის, სადაც აქვთ პრობლემები. ესენია: ადამიანის უფლებები რუსეთში, რუსეთის გეოპოლიტიკა მეზობლებთან, ასევე, რეგიონალური პრობლემები კავკასიაში. მხარეები შეხვდებიან იმისთვის, რომ თავიანთი პოზიციები დააფიქსირონ“, - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა PIA.GE-სთან საუბრისას.

პუტინი იტყვის, რომ „ნუ ერევით უკრაინაში, უკრაინა ჩემი თემაა. მე ტრამპს გავურიგდი ამაში. ბაიდენი ეტყვის, ტრამპი დაივიწყე, ტრამპი არაფერ შუაშია. ტრამპი გეოპოლიტიკურად აზროვნებდა, მე ვაზროვნებ ღირებულებებით და რაზე შეგითანხმდა ტრამპი, არ ვიცი. მე კი ჩავერევი უკრაინაში. პუტინი ეტყვის, არ ჩაერიო კავკასიაში, ეს ჩემი სფეროა. არა, ეტყვის ბაიდენი. მე ჩავერევი კავკასიაში და ყველგან, სადაც არის დემოკრატია“.

ეს შეხვედრა იქნება იმისთვის, რომ გაევლოს წითელი ხაზები და შეთანხმდნენ იმაზე, რაზე ვერ თანხმდებიან. რაზედაც თანხმდებიან, იმისთვის შეხვედრა არც სჭირდებათ, იმას აგვარებენ ტელეფონებით ან სხვა ადამიანების მეშვეობით“, - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.

კონფლიქტოლოგის აზრით, საქართველოს, ტრამპისგან განსხვავებით, ბაიდენის ადმინისტრაციისგან გაცილებით დიდი და მკაფიო მხარდაჭერა ექნება, რისთვისაც მნიშვნელოვანია საქართველომ პარტნიორებს დემოკრატიული პრინციპების ერთგულება დაანახვოს.

„თუ რომელიმე ავტორიტარული მმართველი ებრძვის რუსეთს, ეს ამერიკისთვის პრობლემა არაა. როცა დემოკრატია ებრძვის პუტინს, ეს აღელვებს ამერიკას. საქართველოში არის დემოკრატიის ნიშნები, მცირე, მაგრამ მაინც არის. ამის შენარჩუნებას ცდილობენ პარტნიორები.

ამიტომ იყო, რომ შარლ მიშელი ჩამოვიდა და ეჭიდავებოდა ქართველ პარლამენტარებს ერთმანეთს დალაპარაკებოდნენ. ამიტომ იყო, რომ კობახიძე და კუჭავა ამერიკაში დაიბარეს და ტყავი გააძრეს, რომ თქვენ ხელისუფლებაში ხართ და ნუ ეჭიდავებით ოპოზიციას, მიიღეთ გადაწყვეტილებებიო. ისინი უამრავი საკითხის მიმართულებით ერევიან ჩვენს დემოკრატიაში, ჩვენი დემოკრატიის გადარჩენა უნდათ.

თუ ამბობ, რომ დემოკრატი ხარ, ისინი ზრუნავენ და იცავენ შენს დემოკრატიას და ასე გაგრძელდება ცალსახად. ტრამპმაც კი ვერ შეარყია აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოსადმი, რადგან კონგრესისა და სენატის წევრები იცავდნენ საქართველოს დემოკრატიას. ტრამპი გეოპოლიტიკურად აზროვნებდა. ის ეუბნებოდა რუსეთს, შენ არ ჩაერიო ვენესუელასა და კუბაში და მე არ ჩავერევი საქართველოსა და უკრაინაში. ისინი ინაწილებდნენ გავლენებს.

ახლა კონგრესისა და სენატის გვერდით დგას ბაიდენი და მეტი იქნება მხარდაჭერა, რასაც მეტი პრინციპულობა და სიმკაცრე მოჰყვება. იმიტომ, რომ თუ დემოკრატია ხარ, იყავი დემოკრატია, პარლამენტი პარლამენტი იყოს, დეცენტრალიზაცია დეცენტრალიზაცია იყოს, არჩევნები არჩევნები იყოს, ასეთი იქნება მათი საუბარი ჩვენთან. ეს მოთხოვნები იქნება მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ დაგვეხმარონ“, - განაცხადა კონფლიქტოლოგმა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების 16 ივნისს ჟენევაში შეხვდებიან.