მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ქუჩა თუ პარლამენტი - მიზნის მიღწევის სად უფრო მეტი შანსი აქვს ოპოზიციას

კონსტიტუციონალისტი

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე რიგგარეშე და ხელახალი არჩევნებს შორის განსხვავებაზე ამახვილებს ყურადღებას და განმარტავს, რა გზით შეძლებს ოპოზიცია დღევანდელ ვითარებაში მიზნის მიღწევას.

„ვფიქრობ, ჯერ კიდევ პარლამენტის შეკრებამდე შესაძლოა, შეიქმნას ისეთი ვითარება, რომ საჭირო გახდეს ხელახალი არჩევნების ჩატარება. თუმცა, აქ გასათვალისწინებელია ორი რამ. ერთი, რომ მე ვერ ვხედავ შესაბამისი გარემოებების შექმნის რეალურ შესაძლებლობას, რადგან ხელახალი არჩევნები ინიშნება მაშინ, თუ ბათილად იქნა არჩევნების შედეგები ცნობილი, საარჩევნო ოლქების ნახევარზე მეტში ან იმდენ საარჩევნო უბანში, სადაც ამომრჩევლის ჯამური რაოდენობა საქართველოს მოსახლეობის ნახევარზე მეტია. ამის პერსპექტივას მე ვერ ვხედავ და მგონი, ვერც ვერავინ.

ხოლო მეორე არის ის, რომ ხელახალი არჩევნების ჩატარების შემთხვევაში საარჩევნო ადმინისტრაცია დარჩება იგივე, რადგან საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესის ცვლილება საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს მოითხოვს. ცხადია ეს ახლა ვერანაირად განხორციელდება“, - აღნიშნა ვახტანგ ხმალაძემ სატელევიზიო ეთერში.

მისი თქმით, არსებობს კიდევ ერთი გამოსავალი, რომელიც რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა იქნება.

„არის მეორე შესაძლებლობა - რიგგარეშე არჩევნები, რომელიც შეიძლება დაინიშნოს პარლამენტის შეკრების შემდეგ. მისი ჩატარების ვალდებულება წარმოიქმნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი ვერ შექმნის მთავრობას ან შექმნის, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ დადგება მისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი, პარლამენტმა ნდობა არ გამოუცხადა და ვეღარ შექმნა მთავრობა. ეს სცენარი შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ მაშინ, თუ ამაზე თანახმა იქნება ის, ვისაც პარლამენტში აქვს უმრავლესობა.

პირველ რიგში საჭირო იქნება საარჩევნო კოდექსში ცვლილების შეტანა საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესის შესახებ, რომლის მიხედვითაც ყველა პარტიას თითო წარმომადგენელი ეყოლება. ასეთი კომისიების მიმართ ნდობა, რასაკვირველია, მაღალი იქნება. ამის გაკეთება შეიძლება მაშინაც თუ ოპოზიცია პარლმენტში არ შევა და მაშინაც თუ მანდატებს გამოიყენებს“, - განაცხადა კონსტიტუციონალისტმა.

ვახტანგ ხმალაძემ კრიზისის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საბოლოოდ, ოპოზიცია პარლამენტში შესვლით ბევრად ადრე მიაღწევს რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას, ვიდრე ერთპარტიული პარლამენტის ხელში.

„არის კიდევ მესამე, ყველაზე ცუდი სცენარი. თუ ვერ მოხდება შეთანხმება და ოპოზიცია პარლამენტში არ შევა, შეიქმნება პოლიტიკური კრიზისი. ერთპარტიული პარლამენტი დღეს მხოლოდ ორ ქვეყანაშია, ესენია ჩრდილოეთ კორეა და ჩინეთი. ზუსტად ვერ ვიტყვი როდის, მაგრამ თანდათან ეს ერთპარტიული მთავრობა იძულებული გახდება წავიდეს რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაზე.

არის მეორე სცენარიც, რომ ოპოზიცია შედის პარლამენტში, ქმნის საგამოძიებო კომისიას და დარწმუნებული, ვარ რომ საარჩევნო მასალებით გამოჩნდება უამრავი დარღვევა და ამით ხელისუფლება იძულებული გახდება სწრაფად დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები. მე მგონია, რომ შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, ეს გზა უფრო ადრე გამოიწვევს რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას, ვიდრე ერთპარტიული პარლამენტის ხელში ქვეყნის დატოვება“, - აღნიშნა ვახტანგ ხმალაძემ.

👉 ინფორმაციისთვის, მთელი ოპოზიციური სპექტრი 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ ცნობს და აცხადებს, რომ ის გაყალბებულია.

👉 ყველა პარტიამ, რომელმაც 1%-იანი ბარიერი გადალახა, პარლამენტში შესვლასა და მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.