მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მთიანი ყარაბაღის საკითხზე ვაშინგტონში დაგეგმილი შეხვედრა რუსეთის უკმაყოფილებას იწვევს

პომპეო მნაცაკანიანი ბაირამოვი

23 ოქტომბერს ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის და აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების დაგეგმილ შეხვედრას რუსეთი დიდი ყურადღებით აკვირდება. საქმე იმაშია, რომ მოსკოვში რუსეთის შუამავლობით 10 ოქტომბერს ხელმოწერილი შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ უშედეგოდ დასრულდა და ამ პროცესში შუამავლის როლში ვაშინგტონის ჩართვა მოსკოვის უკმაყოფილებას იწვევს.

რუსული „ნეზავისიმაია გაზეტა“ სტატიას აქვეყნებს სათაურით „შეხვედრა ვაშინგტონში რუსეთისთვის სერიოზული გამოწვევაა“. სტატიის ავტორი წერს, რომ მთიანი ყარაბაღის საკითხის განხილვა შეერთებული შტატების დედაქალაქში ამ კონფლიქტში საერთაშორისო მოთამაშეების ჩართვას და კონფლიქტის კიდევ უფრო სერიოზულ ინტერნაციონალიზაციას ნიშნავს. „სომხეთის ხელისუფლებამ რეგიონის მიღმა კონფლიქტის გატანა რამდენჯერმე სცადა, როდესაც მთიან ყარაბაღში საერთაშორისო ტერორისტების ყოფნის შესახებ განაცხადა.

მოსკოვის მცდელობა შეეჩერებინა საბრძოლო მოქმედებები უშედეგოდ დასრულდა. სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის მომდევნო დღესვე სომხურმა შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქი განჯა დაბომბეს, რასაც 5 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. ამას კონფლიქტის მორიგი ესკალაცია მოჰყვა. სომხეთის მხარის ამ მოქმედებამ რუსეთის დიპლომატიურ ნაბიჯებს სერიოზული დარტყმა მიაყენა“ - წერს „ნეზავისიმაია გაზეტას“ მიმომხილველი გიორგი ბონდარევი.

ჟურნალისტი ვარაუდობს, რომ აშშ-ის სამშვიდობო როლის მიმართ სომხეთს სხვაგვარი დამოკიდებულება ექნება. რამდენიმე დღის წინ სომხეთის ელჩმა აშშ-ში მაიკ პომპეოს მადლობა გადაუხადა იმ განცხადებისთვის, რომელშიც სახელმწიფო მდივანმა თურქეთი აზერბაიჯანის პირდაპირ მხარდაჭერაში დაადანაშაულა. „ფაშინიანს სურს, რომ აშშ მშვიდობისმყოფელად გამოიყვანოს, რაც დონალდ ტრამპს არჩევნების წინ დამატებით პოლიტიკურ ქულებს შესძენს. გარდა ამისა, ამით კონფლიქტის მოგვარებაში აშშ-ის როლის მნიშვნელობა იქნება ხაზგასმული“ - წერს ბონდარევი.

ფაშინიანის სურვილზე, რომ კონფლიქტის მოგვარებაში დასავლეთი უფრო აქტიურად ჩაერთოს, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიმართ მისი განცხადებებიც მეტყველებს. „მასთან სომხეთის პრემიერი უფრო ინტენსიური მოლაპარაკების წარმოებას ვარაუდობდა, ვიდრე რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან. შესაბამისად რუსეთის პოზიციას სომხეთისთვის ისეთი დიდი მნიშვნელობა არა აქვს, როგორც მინსკის ჯგუფის სხვა თანათავმჯდომარეების პოზიციას. ერევნის პროდასავლურობაზე ისიც მეტყველებს, რომ სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი ყარაბაღის საკითხის განსახილველად ბრიუსელში გაემგზავრა, სადაც ნატოს ხელმძღვანელობას შეხვდა“ - წერს ჟურნალისტი.

გაზეთის პოლიტიკური მიმომხილველი ასევე ყურადღებას ამახვილებს აშშ-ის კონგრესში შექმნილ სომხეთის ლობისტურ ჯგუფზე, რომელიც ჯერ კიდევ 1990-იან წლებში ჩამოყალიბდა.

გარდა ამისა, თავად რესპუბლიკურ და დემოკრატიულ პარტიებში სომხური საბჭოებია შექმნილი.

ერევნის მიმართ ლოიალური ამერიკელი კანონმდებლები ყარაბაღის კონფლიქტში კრემლის ნეიტრალიტეტს ბაქოს მიმართ მხარდაჭერად აფასებენ.

„დასავლელი მოთამაშეების მიმართ ერევნის მიერ გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი სომხეთის ხლისუფლებას საშუალებას აძლევს, რომ მოსკოვთან დისტანციის გაზრდის დემონსტრირება მოახდინოს და საკუთარი თავის გარშემო საერთაშორისო მხარდაჭერის შარავანდი შექმნას. თუმცა პრაქტიკულ ეფექტს ეს განცხადებები ვერ მოიტანს. სომხეთის ეს პროვოკაციული განცხადებები ფაშინიანის საგარეოპოლიტიკურ არამდგრადობაზე მიუთითებს, რის გამოც რუსეთის ინტერესებში აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან კარგი ურთიერთობების შენარჩუნება შედის, რომელიც სტაბილურად ერთ პოლიტიკურ ხაზს მიჰყვება“ - წერს გიორგი ბუნდარევი.

შეგახსენებთ, რომ მთიან ყარაბაღში და მოსაზღვრე რაიონებში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის საომარი მოქმედებები 27 სექტემბერს განახლდა. ორივე მხრიდან ასობით ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა. 10 და 18 ოქტომბერს მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს, თუმცა საბრძოლო მოქმედებები გაგრძელდა.

უახლესი ინფორმაცია სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტზე