მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

NDI: სოციალური მედიით პოლიტიკური პარტიების აქტიური დისკრედიტაცია მიმდინარეობს

დისკრედიტაცია ფეისბუქით

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს საარჩევნო პროცესზე დაკვირვების მე-2 ბიულეტენის თანახმად, ქვეყანაში სოციალური მედიით პოლიტიკური პარტიების აქტიური დისკრედიტაცია მიმდინარეობს.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ წარმოებული კამპანია კოორდინირებული და კარგად დაფინანსებული ჩანს, ხოლო მმართველი პარტიის წინააღმდეგ მომუშავე გვერდები ნაკლებად ორგანიზებულია.

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისოს საზოგადოების (ISFED) იმავე ანგარიშის მიხედვით, ანონიმური გვერდები როგორც მმართველი, ასევე ოპოზიციური პარტიების აქტიურ დისკრედიტაციას ეწევა.

გამონაკლისია პატრიოტთა ალიანსი, რომელიც ამ ანონიმური გვერდების სამიზნეს არ წარმოადგენს. ონლაინ სივრცეში მოქმედი ეს დისკრედიტაციული კამპანიები ქვეყნის შიგნიდან იმართება. ოპოზიციის წინააღმდეგ წარმოებული კამპანია შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ კოორდინირებული და კარგად დაფინანსებულია; ამასთანავე ჩანს, რომ ამ გვერდების მმართველს სატელევიზიო არქივებზე მიუწვდება ხელი;

მმართველი პარტიის მადისკრედიტირებელი გვერდები ნაკლებად ორგანიზებული ჩანს. ზოგიერთი სახის პოლიტიკური რეკლამა მიკრო-ტარგეტირებას ეფუძნება. მიკრო-ტარგეტირება მომხმარებლების პერსონალურ მონაცემებზე დაყრდნობით მათზე მორგებული, მათთვის მეტად დამაჯერებელი მესიჯების შემუშავების პრაქტიკას გულისხმობს.

მსგავსი რეკლამების შეზღუდული გავრცელება მათ მონიტორინგს, გამოვლენას და - მანიპულაციური ინფორმაციის შემთხვევაში - მათ განეიტრალებას ართულებს. მიკრო-ტარგეტირების გავლენა არჩევნებზე ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ შეფასებული, თუმცა დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ მათი არსებობა მოსახლეობის დაბნევას უწყობს ხელს“, - ნათქვამია NDI-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ინფორმაციისთვის, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისოს საზოგადოების (ISFED) ანგარიშის მიხედვით, ზაფხულში Facebook-ს საარჩევნო კამპანიისთვის 17 პოლიტიკური პარტია და მაჟორიტარობის 117 კანდიდატი იყენებდა.

კანდიდატები Facebook-ს ამომრჩევლებთან პირდაპირი კომუნიკაციისთვის, საარჩევნო პროგრამების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთვის, ონლაინ დისკუსიების გასამართად და მათი სატელივიზიო გამოსვლებისა თუ ამომრჩევლებთან შეხვედრების ამსახველი ფოტოების გასაზიარებლად იყენებენ.