მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„პომპეოს მოადგილე ოპოზიციას ვერ ურჩევს, ქუჩაში დარჩით და ასე გააგრძელეთო“ - რამაზ საყვარელიძე

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე

ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში რამაზ საყვარელიძე ახალი ამბების სააგენტო PIA.GE-სთან საუბარში საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს 2 დღიან ვიზიტს გამოეხმაურა.

ექსპერტის თქმით, თუ რისთვის და ვისთვის იყო გამიზნული პომპეოს ვიზიტი, ამას დრო აჩვენებს. რამაზ საყვარელიძე პომპეოს ვიზიტის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ საქართველოს მნიშვნელობაზე მიუთითებს.

„როგორც საზოგადოების წევრს არ შემიძლია რაიმეს თქმა, გარდა იმისა, რომ ვიზიტი როგორც ასეთი ფაქტი, ძალიან მნიშვნელოვანია და მიუთითებს საქართველოს მნიშვნელობაზე, რომ დიდი პერსპექტივის მქონე წამყვანი პოლიტიკოსი საქართველოს არჩევს ვიზიტის ადგილად.

ვისთვის და რისთვის იყო გამიზნული ამას ალბათ დრო გვიჩვენებს. სხვა სახის რაიმე ინფორმაცია ამოტივტივდება. თავისთავად ასეთი პრიორიტეტის გამოვლენა ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან უკვე მნიშვნელოვანი მოვლენაა“, - აღნიშნა რამაზ საყვარელიძემ.

რამაზ საყვარელიძემ, ასევე, ოპოზიციასა და მაიკ პომპეოს მოადგილეს ფილიპ რიკერს შორის დაგეგმილ შეხვედრასთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

პოლიტოლოგი არ გამორიცხავს, რომ ფილიპ რიკერთან შეხვედრის შემდეგ ოპოზიციამ განაცხადოს, რომ ამერიკული ადმინისტრაცია მათ მხარს უჭერს.

„ვისი წარმომადგენელიც ეს პირი არის, ანუ ტრამპის ადმინისტრაციის ზოგადად, ტრამპი სასამართლოთი არკვევს ახლა გაყალბდა თუ არა შედეგები. შედეგების გაყალბება ტრამპის ადმინისტრაციის წევრისთვის ალბათ უცხო ხილი არ იქნება, ტრამპმა უფრო სასამართლოთი გარკვევის გზა აირჩია.

ეჭვი არ მეპარება, რომ მას ქუჩაში გამოყვანის რესურსი ჰქონდა. ასე რომ ამ ადმინისტრაციის წარმომადგენელმა რა შეიძლება ურჩიოს ქართულ ოპოზიციას? ქუჩაში დარჩით და ასე გააგრძელეთო, ამას ვერ ურჩევს ვერავინ და მითუმეტეს ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლისგან ეს არადამაჯერებელი ვერსიაა, რომ ასეთმა რჩევამ და დამოკიდებულებამ გაიჟღეროს. თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ შეხვედრიდან გარეთ გამოსულმა ოპოზიციონერებმა თქვან, რომ „ჩვენთან არის ამერიკული ადმინისტრაცია“, - დასძინა რამაზ საყვარელიძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოს მაიკ პომპეო 17 ნოემბერს 2 დღიანი ვიზიტით ეწვია. პომპეომ საქართველოში მაღალი დონის შეხვედრები გამართა როგორც საქართველოს პრეზიდენტთან, ამავდროულად მთავრობის მეთაურთან.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ასევე შეხვდა პატრიარქს ილია მეორეს. ამასთან პომპეოსა და არასამთავრობო სექტორს შორის შეხვედრა გაიმართა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔴 მაიკ პომპეომ საქართველო დატოვა

🔴 პომპეო გახარიას: ვმუშაობთ თემებზე, რომლებიც თქვენი ქვეყნის ოკუპაციას უკავშირდება