მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რუსული ავტორიტარიზმის ქრონიკა - ერთი წელი პუტინის საკონსტიტუციო ცვლილებებიდან

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი

ზუსტად ერთი წლის წინ, 10 მარტს კრემლმა რუსეთის დუმაში საოცარი თეატრალური წარმოდგენა გამართა.

ვლადიმერ პუტინს ყველა დასავლურ ქვეყანასთან ურთიერთობა რომ არ გაეფუჭებინა, მოსკოვი ამ წარმოდგენაში „ოსკარს” ნამდვილად აიღებდა. 83 წლის ყოფილმა საბჭოთა კოსმონავტმა, ვალენტინა ტერეშკოვამ დეპუტატებს ვითომ მოულოდნელად, ისე თითქოს მართლა თავად დაებადა იდეა, რუსეთის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანისა და პუტინისთვის საპრეზიდენტო ვადების განულების წინადადებით მიმართა. დეპუტატებმაც მსჯელობის „ფლეშმობი” მოაწყვეს და როცა იმპროვიზაციით თავადაც დაიღალნენ, დუმას არც მეტი არც ნაკლები, თავად პუტინი ეწვია. პრეზიდენტმა ქვეყანაზე ფიქრით დაღლილი კაცის გამომეტყველებით საკანონმდებლო ორგანოს ამცნო, რომ მისთვის მინიმუმ 2036 წლამდე ხელისუფლებაში დარჩენის შესაძლებლობის მიცემა სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხი იყო. „რუსეთის სტაბილურობის“ სახელით პუტინმა საპრეზიდენტო ვადების განულება და ხელისუფლების ოფიციალურად უზურპაცია მოინდომა. ირონიულია, რომ ეს ადამიანი რუსეთშიც და მსოფლიოშიც თავად არის „არასტაბილურობის“ უწყვეტი წყარო.

პრეზიდენტის შთამაგონებელი გამოსვლის მომდევნო დღეს, 11 მარტს დუმამ მესამე და საბოლოო მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტი დაამტკიცა. 16 მარტს რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყანაში ხელისუფლების მიტაცების საბოლოო ნაბიჯს მწვანე შუქი აუნთო.

შემდეგ იყო სახალხო გამოკითხვა, იგივე ეგზიტპოლი, რომელიც უხეში დარღვევებით ჩატარდა. საინტერესოა, რომ პუტინის იმპერატორად კურთხევას, ყველაზე მეტმა ადამიანმა ანექსირებულ მხარი ყირიმში, ჩეჩნეთსა და ციმბირში დაუჭირა. ანუ იქ, სადაც მოსკოვი ხალხსაც და ტექნოლოგიებსაც ტოტალურად აკონტროლებს.

„ჩვენ ხმას ვაძლევთ არა მხოლოდ მკაფიო სამართლებრივ ნორმებად ჩამოყალიბებულ შესწორებებს, ჩვენ ხმას ვაძლევთ ქვეყანას, რომელშიც გვსურს ცხოვრება, თანამედროვე განათლებითა და ჯანდაცვით, მოქალაქეთა საიმედო სოციალური დაცვით, ეფექტიანი, საზოგადოების მიმართ ანგარიშვალდებული ხელისუფლებით. ჩვენ ხმას ვაძლევთ ქვეყანას, რომლისთვისაც ვიღვწით და რომელიც გვინდა გადავცეთ ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს“, - განაცხადა პუტინმა სატელევიზიო მიმართვაში, რომელიც მან მოსკოვში, საბჭოთა ჯარისკაცის ახლად გახსნილი მონუმენტის წინ, საერთო სახალხო გამოკითხვის მიწურულს გააკეთა.

„ბიბისი“-ს თანახმად, ჯერ კიდევ გამოკითხვის პროცესში რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო უკვე დადასტურებულად აცხადებდა, რომ არსებითი დარღვევები არ დაფიქსირებულა და შედეგს ვერაფერი შეცვლიდა. დამოუკიდებელი არჩევნების მონიტორინგის ჯგუფი „Голос“ პარალელურად უამრავ დარღვევაზე საუბრობდა. ჯგუფის შეფასებით, „ეს გამოკითხვა ისტორიაში ხალხის სუვერენიტეტზე უდიდესი თავდასხმის სახელით შევა.“

რუსეთის ქალაქებში, საერთო სახალხო გამოკითხვას, საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა, თუმცა პუტინს ყველაფერი გადაწყვეტილი ჰქონდა. 3 ივლისს მან ბრძანებას მოაწერა ხელი და 4 ივლისს ცვლილებები ძალაში უკვე ოფიციალურად შევიდა.

საპრეზიდენტო ვადების განულებით პუტინმა ძალაუფლების უზურპაციის გზაზე დასკვნითი ნაბიჯი გადადგა. 2020 წლის მარტის შემდეგ, რუსეთი ფაქტობრივად ოფიციალურად შეუერთდა მსოფლიოს თითზე ჩამოსათვლელი ავტოკრატიების რიცხვს. პრეზიდენტის ამ ნაბიჯს ნეგატიური შედეგები საშინაო პოლიტიკაშიც აქვს და საგარეოშიც. ბევრი ექსპერტი მიიჩნევს, რომ პუტინმა არაგონივრული გზა აირჩია და ის თავად გახდა საკუთარი დასასრულის ინიციატორი, რადგან ისტორიული კანონზომიერება გვკარნახობს, რომ ყველა ავტოკრატის ფინალი თანაბრად ტრაგიკულია. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, თუ როგორ უნდა მოახერხოს რუსულმა სახელმწიფომ, ან იმან რაც მისგან დარჩება, ამ მემკვიდრეობასთან ერთად არსებობა, როდესაც პუტინი ხელისუფლებაში აღარ იქნება. ასეთი დღე კი აუცილებლად დადგება, სულ მცირე იმ მიზეზით, რომ პუტინიც ისეთივე მოკვდავია, როგორც ყველა ადამიანი.

ვლადიმერ პუტინი საკუთარ ქვეყანაში ინსტიტუციებს წლების განმავლობაში ჯიუტად ანადგურებდა. სრული ძალაუფლების მოპოვების გზაზე, ეს ავტოკრატების კლასიკური მეთოდია. ამ დროს სახელმწიფოში ყველაფერი ერთადერთი ადამიანის ნებაზეა დამოკიდებული. უფუნქციო ინსტიტუციები ქვეყანაში სავალალო ეკონომიკურ მდგომარეობას, ცხოვრების დონის გაუარესებას, კორუფციას, უკანონობას, დაუსჯელობის სინდრომს, სოციალურ ფრაგმენტაციას და ყველაფერს იმას იწვევს, რაც ადამიანების ნორმალური ცხოვრებისთვის არის აუცილებელი. ასეთ გარემოში სამოქალაქო დაპირისპირების ალბათობაც იზრდება და ქვეყანა საგარეო საფრთხეების წინაშეც სრულიად დაუცველი რჩება. სუსტი ინსტიტუციების პირობებში, როდესაც არც პასუხისმგებლობას ინაწილებს ვინმე, არც გადაწყვეტილებების მიღებაში ერთვებიან პროფესიონალები, რთულია გააზრებული და ქვეყნის ინტერესებზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკის შემუშავება და წარმოება. ერთ დროს პუტინის ერთგული ელიტური ჯგუფებიც კი გრძნობენ გაუცხოებას ავტოკრატთან, რომელმაც მთელი ქვეყანა საკუთარი მოკვდავი პერსონის ამარა დატოვა.

პუტინმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ მისთვის მოკლევადიან „მოგებებს“ უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე გრძელვადიან გამარჯვებებს და ასე მხოლოდ რუსი ხალხი აგებს ყველაფერს, რაც გააჩნია. რუსეთის პრეზიდენტი საკუთარ ქვეყანას ანადგურებს, ამიტომ სხვა სახელმწიფოების ოკუპაცია, ანექსია, არჩევნებში ჩარევა ასეთი ადამიანისგან არც უნდა გაგვიკვირდეს.

რუსული მედია წლებია პუტინისგან გენიოსის იმიჯის შექმნას ცდილობს. სამწუხაროდ საქართველოშიც კი, ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები ვისაც სჯერა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ჭკვიანი ადამიანია, რომელიც თავის სახელმწიფოზე ზრუნავს და „ერთმორწმუნეობის“ ეგიდით ჩვენს ქვეყანაზეც იზრუნებს. თუმცა, რეალურად მას მხოლოდ მტრის ხატის შექმნა ეხერხება და მოგონილი გამარჯვებებით აგრძელებს ცხოვრებას. ის ქმნის ინფორმაციულ ვაკუუმს, რომ საკუთარი წარუმატებლობის შესახებ ამბები დამალოს, მაგრამ რუსეთის მოქალაქეები პუტინის გაუაზრებელი პოლიტიკის შედეგებს ყოველდღიურად იმკიან - სულ მცირე ეკონომიკური სანქციებით განადგურებული, ისედაც მორყეული რუსული ეკონომიკის წყალობით.

ხშირად ამბობენ, რომ პუტინი საბჭოთა ლიდერების ნაბიჯებს იმეორებს. არადა, ცივი ომის დროს თანამედროვე რუსული იმპერიის წინამორბედ რეჟიმს იდეოლოგია მაინც გააჩნდა, რასაც დასავლეთს უპირისპირებდა. და რა აქვს პუტინს? არც არაფერი, საკუთარი ეგოცენტრული პიროვნების გარდა.

პუტინი ცდილობს საკუთარ ხალხსაც და სხვებსაც დააჯეროს, რომ ყველაფერს აკონტროლებს, ყველაფერი შეუძლია. 2020 წლის საკონსტიტუციო ცვლილებები კი, სინამდვილეში ყველაზე მეტად მშიშარა პრეზიდენტს ამხელს. მან ძალიან კარგად იცის, რომ რეალურად მხარდამჭერები აღარ დარჩა. მისი წამზომი ჩართულია, პუტინი ახლა ფსიქიურად შეშლილი ავტოკრატების რიგში დგას, ვინც თავიანთი ქვეყნების ისტორიაში სამარცხვინო ლაქებად რჩებიან. საკუთარ ამბიციებს შეწირული ქვეყნის ინტერესები მას დიდი ხნის შემდეგაც არ მოასვენებს. მაგრამ ვერაფერი ცვლის იმ სამწუხარო რეალობას, რომ სანამ რუსი ხალხი პუტინისგან მიტაცებულ სახელწმიფოს არ დაიბრუნებს, ვერც რუსეთში, ვერც საქართველოში და ვერც მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, თავისუფლების მოყვარული ადამიანები უსაფრთხოდ ვერ იქნებიან.

ავტორი: ლელა ბოჭორიშვილი.