მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„საქართველოს ახლა უნიკალური შანსი აქვს, რომ აზერბაიჯანისა და სომხეთის მზერა რუსეთიდან ნატოსკენ მიაპყროს“ - პაატა ზაქარეიშვილი

კონფლიქტების სპეციალისტი

კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, საქართველომ მთიან ყარაბაღში განვითარებული მოვლენები კავკასიაში ევროპისა და ნატოს შემოსაყვანად უნდა გამოიყენოს. ეს კი ქვეყანამ თურქეთთან ალიანსით უნდა მოახერხოს.

როგორც კონფლიქტოლოგი PIA.GE-სთან საუბრისას აღნიშნავს, 2021 წელს კავკასიაში ახალი რეალობა შეიქმნება, რომელშიც საქართველოს დიდი როლი ექნება.

„მაქსიმუმ ერთ წელიწადში კავკასიაში ახალი რეალობა შეიკვრება, რაშიც საქართველომ საკუთარი ადგილი უნდა დაიკავოს. სამწუხაროდ, საქართველო ყარაბაღის მოვლენებში აქტიურად არ იყო ჩართული. ჩვენს ქვეყანას კულუალურად, მეორე ეშელონების დონეზე, მხარეებთან უნდა ელაპარაკა.

საქართველოს როლი, თურქეთთან ერთად, იქნება, რომ რეგიონში მეტი ევროპა და ნატო შემოიყვანოს. მგონია, რომ თუ აზერბაიჯანი ნატოსკენ სვლის გადაწყვეტილებას მიიღებს, საქართველოსთვის ეს უნიკალური შანსი იქნება. მე ვფიქრობ, რომ თურქეთი-საქართველო-აზერბაიჯანის ალიანსით უნდა ვიმოძრაოთ ნატოსკენ“, - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.

მისივე თქმით, მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით, რომელიც დიდი ალბათობით, სომხებისთვის ტერიტორიების დაკარგვით დასრულდება, საქართველოს აქვს შანსი სომხეთში რუსეთის მიმართ მეგობრული დამოკიდებულება შეასუსტოს.

„მეორე ვარიანტია, რომ სომხეთთან ურთიერთობა უნდა გააქტიურდეს, რათა შევუქმნათ განცდა, რომ რუსეთი მათი მეგობარი არ არის. ვნახოთ, რა ტერიტორიებს დათმობს სომხეთი, შემდეგ კი ვიმუშაოთ იმაზე, რომ სომხეთში განწყობები გაჩნდეს რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც მას პერიოდულად ტერიტორიებს აკარგვინებს.

ახლა უნიკალური შანსია, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის მზერა, საქართველოს გავლით, დასავლეთისკენ მიემართოს.

იმედია, არჩევნები საქართველოშიც ახალ რეალობას შექმნის, რათა ჩვენი ხელისუფლება მზად იყოს ასეთ მნიშვნელოვან პროცესებში აქტიური მონაწილეობისთვის. ეჭვი მეპარება „ქართულ ოცნებას“ ახალი რეალობისთვის ფეხის ადგმა და ჩვენთვის სასურველი შედეგების მიღწევა შეეძლოს“, - აღნიშნავს კონფლიქტოლოგი.

როგორც პაატა ზაქარეიშვილი განმარტავს, მოსკოვში გაფორმებული შეთანხმება როგორც აზერბაიჯანს, ასევე სომხეთს ძალების დაზოგვის საშუალებას მისცემს, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ომის შემდეგ მოგებული აზერბაიჯანი დარჩება.

„შეთანხმება მოსალოდნელი იყო და აქამდეც უნდა მომხდარიყო. ეს ძალები, მაქსიმუმ, კიდევ ერთი თვე თუ გაძლებდნენ ბრძოლაში. მიმდინარეობდა ინტენსიური კონტაქტები რუსეთ-თურქეთ შორის და როგორც კი გაკეთდა მოლაპარაკების შეთავაზება, სომხეთი და აზერბაიჯანი მაშინვე ჩავიდნენ მოსკოვში. აშკარად ჩანდა, რომ ორივე მხარე დაინტერესებული იყო ცეცხლის შეწყვეტით. საკითხი თურქეთ-რუსეთის დიპლომატიურ დონეზე გადაწყდა და უკვე მოსკოვში გაფორმდა შეთანხმება. თუ რაზე შეთანხმდენენ მხარეები და რა ტერიტორიები გადაეცა აზერბაიჯანს, ამას დაახლოებით ერთი კვირის თავზე გავიგებთ.

ერთი წლის განმავლობაში გაირკვევა როგორი იქნება ახალი რეალობა, რა როლი ექნება რეგიონში თურქეთს, ევროპას. გვეცოდინება რამდენად კმაყოფილია სომხეთი ამ შეთანხმებით და აზერბაიჯანული მხარისთვისაც საკმარისია თუ არა შედეგები“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

კონფლიქტოლოგის აზრით, 2021 წელი კავკასიითვის არსებითად ახალი ეტაპის დაწყების დრო უნდა იყოს, რის შემდეგაც რეგიონში რუსული გავლენის შესუსტება და დასავლეთთან კავშირი უნდა გაძლიერდეს.

ინფორმაციისთვის, აზერბაიჯანმა და სომხეთმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. შესაბამისი დოკუმენტი მოსკოვში აზერბაიჯანის, სომხეთის და რუსეთის საგარეო საქმათა მინისტრების შეხვედრაზე გაფორმდა.

აღნიშნული შეთანხმება 10 ოქტომბრის 12.00 საათიდან უნდა ამოქმედდეს.

მთიან ყარაბაღში სამხედრო დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო. ორკვირიან ომს ორივე მხარეს დიდი მსხერპლი მოჰყვა, რომელთა შორის მშვიდობიანი მოქალაქეებიც არიან.