მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სალუქვაძე სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირებაზე: გაცილებით მძაფრი დაპირისპირება იქნება ვიდრე იყო წინა შემთხვევაში

ამირან სალუქვაძე - ექსპერტი სამხედრო პოლიტიკურ საკითხებში.

ანალიტიკოსი, ექსპერტი ამირან სალუქვაძე ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-სთან სომხეთ-ახერბაიჯანს შორის მიმდინარე მწვავე სამხედრო მოვლენებს აფასებს.

ანალიტიკოსის თქმით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში საერთაშორისო საზოგადოების ჩარევით ხერხდებოდა აზერბაიჯან-სომხეთის დაპირისპირება მასშტაბურ საომარ მოქმედებაში არ გადაზრდილიყო.

ამირან სალუქვაძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე საქმე ბევრად უფრო სერიოზულად არის, ვიდრე წლების წინ.

„ეს არ არის პირველი დაპირისპირება. ბოლო წლების განმავლობაში პერიოდულად იღვიძებს ხოლმე ეს კონფლიქტი, რომელიც თავის დროზე გაყინული არ ყოფილა, რადგან გაყინვა ხდება მაშინ როცა მხარეები გარკვეულ პირობებზე გარკვეული დროით თანხმდებიან.

საერთაშორისო საზოგადოების ჩარევით ათეული წლების განმავლობაში ხერხდებოდა, რომ მასშტაბურ საომარ-მოქმედებებში არ გადაზრდილიყო. ვიხილეთ რამდენიმე დღიანი ომი 2016 წელს, საკმაოდ მწვავე დაპირისპირება იყო. ახლა ვფიქრობ საკმაოდ სერიოზულად არის საქმე. როგორც მინიმუმ მოლოდინი მაქვს იმისი, რომ გაცილებით მძაფრი დაპირისპირება იქნება ვიდრე იყო წინა შემთხვევაში. ყარაბაღის არაღიარებულ რესპუბლიკაში გამოცხადდა საყოველთაო მობილიზაცია და სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა სომხეთის რესპუბლიკამ, თუ მივადევნებთ თვალს ინფორმაციებს, დაპირისპირება მიდის ფრონტის მთელ ხაზზე“, - განაცხადა სალუქვაძემ.

ექსპერტს არ აქვს მოლოდინი რომ ორ ქვეყანას შორის მიმდინარე კონფლიქტი მალე ამოიწურება. ამირან სალუქვაძის განცხადებით, გარე აქტორების პოზიციებზე ბევრი რამ არის დამოკიდებული.

„არ მაქვს მოლოდინი, რომ მოკლე ვადებში მოხდება ამ კონფლიქტის ჩაცხრობა. ბევრი რამ არის დამოკიდებული გარე აქტორების პოზიციებზე და აქედან ჩვენ შეგვიძლია გარკვეული პროგნოზები გავაკეთოთ. თურქეთის პოზიცია პროგნოზირებადია, აზერბაიჯანს დაუჭერს მხარს. რუსეთის პოზიცია ორივე მხარისადმი არის მოწოდება, რომ შეწყვიტონ სამხედრო მოქმედებები და დაიწყონ დიალოგი. თუმცა ეს განცხადება დიპლომატიური ხასიათისაა და მის უკან რა იმალება არავინ იცის“, - ამბობს სალუქვაძე და აღნიშნავს, რომ კრემლს არ აწყობს აღნიშნული კონფლიქტის დარეგულირება, რადგან ორივე სახელმწიფოზე გავლენის შენარჩუნება სურს.

„კრემლს არ აწყობს ამ კონფლიქტის დარეგულირება, რადგან როგორც კი ერთი მხარის სასარგებლოდ გადაწყდება, რუსეთი დაკარგავს მეორე მხარეს. ეს აქსიომაა, რუსეთს კი აწყობს ორივე სახელმწიფოზე გავლენების შენარჩუნება. ორივე სახელმწიფოზე გავლენის შენარჩუნება შესაძლებელია მხოლოდ მოუგვარებელი ან გაყინული კონფლიქტით.

ბევრი რამ იქნება დამოკიდებული არადიპლომატიურ განცხადებებზე, არამედ კონკრეტულად რა ქმედებებს განახორციელებს რუსეთი. ჩავთვალოთ, რომ კრემლის განცხადება იყო მოწოდება კონფლიქტის შეწყვეტასთან დაკავშირებით, ეს არის ჩვეულებრივი მორიგე განცხადება და არა სერიოზული ძალისხმევა შეწყვეტისკენ. მანამდე გვიხილავს, რომ პუტინს და ლავროვს აზერბაიჯან-სომხეთის ლიდერებთან სატელეფონო საუბრები გაუმართავს კონფლიქტის შეწყვეტასთან დაკავშირებით“, - განაცხადა სალუქვაძემ.

რაც შეეხება საკითხს, თუ როგორ აისახება მიმდინარე პროცესები საქართველოზე, ამირან სალუქვაძე აცხადებს, რომ ზოგადად რეგიონზე აისახება ცუდად.

„სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებები აისახება ზოგადად რეგიონზე დაწყებული ეკონომიკური აქტივობის შესუსტებით და უსაფრთხოების გარემოს მორღვევით არა, მაგრამ საკმაოდ დიდი რისკების გამომწვევი იქნება. დამოკიდებული იქნება თუ როგორ განვითარდება პროცესები. ჩვენს საზღვრებთან საკმაოდ ახლოს არის. ფართომასშტაბიანი დაპირისპირების შემთხვევაში, თუ ეს მაღალი ინტენსივობით და ხანგრძლივად გაგრძელდა არ არის გამორიცხული ეს გასცდეს ყარაბაღის ფრონტს, საზღვრებს და მოხდეს მთელ პერიმეტრზე, რაც რა თქმა უნდა სერიოზულ რისკებს გამოიწვევს“, - დასძინა ამირან სალუქვაძემ.

ცნობისთვის, 27 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა და საომარი მოქმედებები კვლავ განახლდა.

სომხეთმა საომარი მოქმედება გამოაცხადა. თავის მხრივ აზერბაიჯანის ხელისუფლება აცხადებს, რომ სომხეთს პასუხის გარეშე არ დატოვებს.