მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სოსო ცინცაძე: ამ კრიზისიდან გამოსასვლელად მხოლოდ უცხოელი პარტნიორების იმედი შეიძლება გვქონდეს

პოლიტოლოგი საქართველოში

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძის განცხადებით, საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი მხოლოდ დაპირისპირებულ მხარეთა შორის, უცხოელი პარტნიორების ჩართულობით, მოლაპარაკებების გამართვაა.

როგორც პოლიტოლოგმა საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-სთან საუბარში აღნიშნა, საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობა პროცესებში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მათი პოზიცია მიუკერძოებელი იქნება.

„როგორც ჩანს, ოპოზიცია და მმართველი პარტია ვერ მოილაპარაკებენ და ვერც ვერაფერზე შეთანხმდებიან. ერთადერთ გამოსავლად ისევ ჩვენი მეგობრების, ამერიკისა და ევროკავშირის საელჩოების დახმარება მიმაჩნია. მათი დახმარებით ერთხელ უკვე მოხდა შეთანხმება ნახევრად პროპორციულ სისტემაზე.

მნიშვნელოვანია, რა ინფორმაცია იქნება საერთაშორისო პარტნიორების ხელში. მათ ვერც ოპოზიცია და ვერც ხელისუფლება ვერ აიძულებს მიკერძოებული იყვნენ. ჩვენი პოლიტიკური კულტურა არ არის იმ დონეზე, რომ დაპირისპირებულმა მხარეებმა პირადი ანტიპატიები გადადონ, სახელმწიფოებრივი ინტერესი დააყენონ ყველაზე წინ და ამისთვის მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ.

ამიტომ ისევ და ისევ, ჩვენი მეგობრების, პირდაპირ ვთქვათ, უცხოელების იმედზე ვრჩებით. ერთის მხრივ ეს კარგია, რომ ასეთი იმედი გვაქვს, ისინი შესაძლოა დაგვეხმარონ როგორღაც გამოვძვრეთ ამ კრიზისიდან, მაგრამ ვინ იცის ეს ფაქტი როგორი დასკვნის გაკეთების საშუალებას მისცემს.

ისინი ჩვენ ამას არასდროს გვეტყვიან, რომ ჩვენთვის ჯერ კიდევ ძალიან ადრეა როგორც ევროკავშირის, ისე ნატოსა და დიდი ევროპის წევრობაზე ოცნება. აი ეს უკვე ძალიან ცუდია. ვნახოთ, ალბათ უახლოეს დღეებში შედგება ეს შეხვედრა და დაველოდოთ, რა გამოსავალს მოძებნიან ჩვენი მეგობრები“, - აღნიშნა სოსო ცინცაძემ.

👉ინფორმაციისთვის, მთელი ოპოზიციური სპექტრი 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს არ ცნობს და აცხადებს, რომ ის გაყალბებულია.

👉ყველა პარტიამ, რომელმაც 1%-იანი ბარიერი გადალახა, პარლამენტში შესვლასა და მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

👉გაერთიანებულმა ოპოზიციამ 8 ნოემბერს მასშტაბური აქცია გამართა. მოგვიანებით, აქციის მონაწილეებმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან გადაინაცვლეს. მათ ცესკოს ეზოში სურდათ შესვლა, რისი საშუალებაც სამართალდამცველებმა მათ არ მისცეს.

👉აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის რამდენჯერმე დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც სპეცრაზმმა მომიტინგეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენა.