მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზაალ ანჯაფარიძე - საჭიროა საზოგადოებას შევახსენოთ, როგორ მუშაობს ფეიქ-ნიუსების ფაბრიკა

ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე Pia.ge

„ის დანატრებული თავისუფლება, რაც მედიამ და სამოქალაქო სექტორმა 2012 წლის შემდეგ მიიღეს, ზოგიერთმა მათგანმა ყველაფრის, მათ შორის უზნეობის და სიბინძურის კეთების თავისუფლებად აღიქვა „ნაცმოძრაობის“ მომსახურე მედია საშუალებები უკვე ვეღარ ინელებენ ამ თავისუფლებას. მათთვის არ თქმულა, რომ თავისუფლება პასუხისმგებლობასაც გულისხმობს,“ - ამ სიტყვებით ეხმაურება ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე საქართველოს პროკურატურის მიერ ნოდარ მელაძის შაბათის ეთერში გასულ ფარულ აუდიო ჩანაწერებს.

„ყველას გვახსოვს ის 2-3 დღიანი (მეტზე ვერ გაქაჩა) აჟიოტაჟი რაც სამწუხაროდ გაყვითლებულ ტვ „პირველის“ ეთერში, „ნოდარ მელაძის შაბათის“ გადაცემაში ბერა ივანიშვილის და ირაკლი ღარიბაშვილის კერძო საუბრების უნებართვო და უკანონო ჩანაწერების გამოქვეყნებამ გამოიწვია.

მედიის და ჟურნალიზმის სტანდარტების დარღვევებზე რომ არაფერი ვთქვათ, გადაცემა აშკარად ტოვებდა დაკვეთის შესრულების შთაბეჭდილებას. კრიტიკულად განწყობილი აუდიტორია რომ ამ „ფეიქს“ არ დაიჯერებდა, ისედაც ცნობილი იყო, მაგრამ აუდიტორიის რაღაც ნაწილი ალბათ დაეჭვდა და მიუხედავად იმისა, რომ დღეს ეს ფსევდო-სკანდალი თითქმის არავის ახსოვს, ალბათ, მაინც საჭიროა საზოგადოებას შევახსენოთ, როგორ მუშაობს ფეიქ-ნიუსების ფაბრიკა.

არ დავიწყებ დეტალების მოყოლას, პროკურატურის ბრიფინგზე პრაქტიკულად ყველაფერი ითქვა. მათ შორის ის რომ მოსმენები 2011-2012 წწ მიდიოდა, როდესაც ხელისუფლებაში ჯერ კიდევ „ნაცმოძრაობა“ იმყოფებოდა, რომლისთვისაც ფარული მოსმენა მიყურადება ჯერ ერთგვარ სპორტად, შემდეგ კი პათოლოგიურ მოთხოვნად გადაიქცა.

მოკლედ, მძიმე მდგომარეობაში (ფინანსურად არა) არიან ის ჟურნალისტები, რომლებიც „ნაცების“ კონტროლირებად მედიებში მსახურობენ. ერთი მხრივ გინდა მათზე გაბრაზდე, მაგრამ მეორეს მხრივ გეცოდება, რადგანაც შეუჩერებლად მიექანებიან მორალური უფსკრულისკენ“, - აღნიშნავს ზაალ ანჯაფარიძე.

ინფორმაციისთვის, 2021 წლის 6 მარტს, „ტვ პირველის“ ეთერით გასული სიუჟეტის მიხედვით, მათ მოიპოვეს აუდიო ჩანაწერი, რომლითაც, მათივე ინფორმაციით, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, არასასურველი კომენტარების გამო, რამდენიმე პირის, მათ შორის, არასრულწლოვანის დასჯას უკვეთავს.

18 ივნისს, პროკურატურამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გასული ფარული აუდიო ჩანაწერების საფუძველზე დაწყებული გამოძიების შუალედური შედეგების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა.

პროკურორ ამირან გულუაშვილის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილს, ბერა ივანიშვილსა და ანზორ ჩუბინიძეს 2011-2012 წლებში უკანონოდ უსმენდნენ.

მისი თქმით, აღნიშნული პირების მობილურ ტელეფონზე საუბრებს 2011 წლის ოქტომბრიდან 2012 წლამდე ოქტომბრის პერიოდში მაღალჩინოსნების დავალებით უსმენდნენ. როგორც მან განმარტა, უკანონო მოსმენები ბიძინა ივანიშვილის მიერ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის შექმნას უკავშირდებოდა.