მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ზელენსკის ენგურის ხიდზე მისვლა ნამდვილად დასაფასებელია, უკრაინა ისევეა დაზარალებული რუსეთისგან, როგორც საქართველო“ - პაატა ზაქარეიშვილი

ზაქარეიშვილი ზელენსკის შესახებ

ექსპერტი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის ენგურის ხიდთან მისვლის ფაქტს გამოეხმაურა. როგორც ის PIA.GE-სთან საუბარში აღნიშნავს, მისი ქცევა უფრო ბუნებრივია და ეს ასეც უნდა ყოფილიყო.

პაატა ზაქარეიშვილის თქმით, აქამდეც დაუფიქსირებიათ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს საკუთარი პოზიცია საოკუპაციო ხაზთან, მაგრამ უკრაინას და საქართველოს აერთიანებს საერთო მტერი და ეს რუსეთია.

„ეს თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანი ქმედებაა და დიდი მადლობა მას ამისთვის, მაგრამ ამ ტიპის ღონისძიებები გაუკეთებიათ სხვებსაც. მაგალითად, პოლონეთის პრეზიდენტს - კაჩინსკი იყო სწორედ ახალგორში და პირიქით, ძალიან მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა, რუსებმა მას სროლა აუტეხეს, ეს იყო სააკაშვილის დროს.

როგორც წესი, პირველი პირები ძირითადად თბილისში ჩამოდიან, მიდიან უფრო ცხინვალის მიმართულებით და ერგნეთში, ასევე, სხვა მსგავს ადგილებში ათვალიერებენ თუ რა სიტუაციაა. ჩამოსული იყო მერკელი, შარლ მიშელიც. თითქმის ყველა ლიდერი, როგორც წესი, მიდის საოკუპაციო ხაზთან და გამოხატავენ საკუთარ სოლიდარობას საქართველოს მიმართ და მიუღებლობას საოკუპაციო რეჟიმის მიმართ.

უბრალოდ ზელენსკი ვინაიდან ბათუმში ჩავიდა, უფრო იოლი იქნებოდა ალბათ მისი გაყვანა ენგურის ხიდზე, თვალშისაცემი და ეფექტურია ეს ყველაფერი ნამდვილად, მაგრამ არ დავაკნინოთ სხვების მიღწევებიც, მაგალითად ანგელა მერკელი დურბინდით იყურებოდა საოკუპაციო ხაზთან და საკმაოდ სერიოზული განცხადებებიც გააკეთა. ანუ ეს ჩვეულებრივი ამბავია, რაც ძალიან კარგად და ეფექტურად ჩაეწერა ზელენსკის ქცევას და ნამდვილად დასაფასებელია.

ზელენსკის, განსხვავებით სხვებისაგან, უკრაინის სახელმწიფო ისევეა დარტყმის ქვეშ, როგორც საქართველო. მეტიც, გარკვეული ნაწილი უკრაინის ტერიტორიისა, მაგალითად ყირიმი - ანექსირებულია, ჩვენთან ანექსიისაკენ პროცესი მიმდინარეობს, სამწუხაროდ, მცოცავი ანექსია არსებობს, რაც თავისთავად მტკივნეულია ორივეს შემთხვევაში, მაგრამ ანექსია უფრო შედარებით მძიმე თემაა.

ნებისმიერ შემთხვევაში, ზელენსკი ისევეა დაზარალებული რუსეთისგან, როგორც საქართველო, ამიტომ მისი იქ მისვლა ბუნებრივი იყო. უფრო უცნაური არის ხოლმე, როცა რუსეთის მეგობარი სახელმწიფოები პირობითად, იგივე მერკელი ვახსენე და სხვები, რომლებსაც შეუძლიათ ეს ქმედება არ გააკეთონ და მაინც აკეთებენ, მათი ქცევა უფრო თამამი და გამომწვევიც კია. ამიტომ უკრაინის პრეზიდენტის ჟესტი უფრო ბუნებრივია და ასეც უნდა ყოფილიყო“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

ინფორმაციისათვის, უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი მისი პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოში ჩამოვიდა. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოფრენის შემდეგ ის ენგურის ხიდისკენ გაემგზავრა.

იხილეთ აგრეთვე:

📣ვლადიმირ ზელენსკი საქართველოშია

📣უკრაინის პრეზიდენტი ენგურის ხიდზე იმყოფება

📣ზელენსკი მეზღვაურების გათავისუფლებაზე: მადლობელი ვარ ქართული მხარის ამ გადაწყვეტილებისთვის

📣„ზელენსკის თვითმფრინავი გამოფრინდა მას შემდეგ, რაც დაკავებული უკრაინელი მეზღვაურები შეიწყალეს“ - მიხეილ სააკაშვილი