მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

მამუკა მდინარაძე: ოპოზიცია ხმის მისაცემად ფარულად ახდენს მხარდამჭერების მობილიზებას

მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, მიუხედავად ოპოზიციის საჯარო განცხადებებისა, ოპოზიცია ფარულად ახდენს ხმის მისაცემად მხარდამჭერების მობილიზებას.

როგორც მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ყველა საარჩევნო უბანთან ფიქსირდებიან ოპოზიციის მხარდამჭერები.

ამასთან, მდინარაძე „ქართული ოცნების“ ამომრჩეველს მიმართავს და აქტიურობისკენ მოუწოდებს.

„მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ამომრჩეველს, ვინც უკვე მიიღო მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში. ოპოზიციის მიერ არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების მიუხედავად, ისინი მართალია ფარულად, მაგრამ მაინც ახდენენ მათი მხარდამჭერების მობილიზებას ხმის მისაცემად.

შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ პრაქტიკულად ყველა უბანთან ფიქსირდებიან მათი წარმომადგენლები. ასევე, შეგახსენებთ, რომ ანალოგიური სიტუაცია იყო 2016 წელსაც, როდესაც აცხადებდნენ, რომ არ იღებდნენ მონაწილეობას საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში, თუმცა, მათ მაშინაც საჯაროდ გახმოვანებული განცხადებებისგან განსხვავებით მოახდინეს მხარდამჭერების მობილიზება.

შესაბამისად, მოვუწოდებთ ჩვენს ამომრჩევლებს, მივიდნენ საარჩევნო უბნებზე და დააფიქსირონ მხარდაჭერა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატების მიმართ. აქვე, შეგვიძლია მთელი პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ პანდემიასთან დაკავშირებული რისკები საარჩევნო უბნებზე მინიმუმამდეა დაყვანილი“, - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

ინფორმაციისთვის, საარჩევნო უბნები დილის 8 საათზე გაიხსნა და საღამოს 8 საათზე დაიხურება.

მეორე ტური ტარდება შემდეგ საარჩევნო ოლქებში: მთაწმინდა, კრწანისი; ვაკე; საბურთალო; ისანი; სამგორი; დიდუბე-ჩუღურეთი; ნაძალადევი; გლდანი; თელავი, ახმეტა, ყვარელი და ლაგოდეხი; მცხეთა, დუშეთი, თიანეთი და ყაზბეგი; რუსთავი, გარდაბანი; ხაშური, ქარელი; ზესტაფონი, ტყიბული, თერჯოლა, ბაღდათი; ქუთაისი; ზუგდიდი; ბათუმი; ხელვაჩაური, ქედა, შუახევი და ხულო.

არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობს 31 ოქტომბრის არჩევნებში შესაბამის მაჟორიტარულ ოლქებში საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატი.

აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადა ოპოზიციურმა სპექტრმა.