მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრობის კონკურსანტებთან გასაუბრებები ლაივ რეჟიმში წარიმართა

ცენტრალური საარჩევნო კომისია

180-მა პირმა, რომლებიც საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების ვაკანტურ ადგილებზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობენ, 7 აგვისტოს გასაუბრებები გაიარეს. საარჩევნო ადმინისტრაციამ კონკურსში მონაწილეთა გასაუბრებებს ერთი დღის განმავლობაში 10 რეგიონსა და თბილისში გაუწია ორგანიზება. თითოეულ რეგიონში გასაუბრებები ცესკოს წევრებმა, როგორც პარტიების მიერ დანიშნულმა, ისე პროფესიული ნიშნით არჩეულმა წევრებმა, წარმართეს.

კონკურსანტებთან გასაუბრების ორგანიზების თაობაზე ერთობლივი გადაწყვეტილება ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებმა 5 აგვისტოს გამართული მსჯელობის შედეგად მიიღეს. გასაუბრებების პირდაპირი ტრანსლირება ცესკოს ოფიციალურ Facebook გვერდზე გადაიცემოდა 13 ლოკაციიდან.

როგორც თავად არაერთმა კონკურსანტმა განაცხადა, ამ ფორმით გასაუბრებების ორგანიზება უშუალოდ საარჩევნო პროცესის მეტად გამჭვირვალედ წარმართვას უწყობს ხელს და ასახავს რეალურ სურათს, რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობს საარჩევნო ადმინისტრაცია საოლქო საარჩევნო კომისიებში დროებითი წევრების არჩევის პროცესში.

შეგახსენებთ, რომ 73 საოლქო საარჩევნო კომისიაში გამოცხადებულ კონკურსებზე 377 განაცხადი შემოვიდა. ხოლო კონკურსის მომდევნო ეტაპზე 370 პირი გადავიდა (7-მა კონკურსანტმა არ წარმოადგინა შესწორებული დოკუმენტაცია ხარვეზის დადგენის შემდგომ კანონით დადგენილ ვადებში), აქედან 246 ქალია და 124 კაცი. 311 კონკურსანტს სხვადასხვა წლებში საარჩევნო სფეროში მუშაობის გამოცდილება აქვს, როგორც ტრენერად, ისე უშუალოდ საოლქო საარჩევნო კომისიებში; მათ ასევე აქვთ მონაწილეობა მიღებული საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებულ საგანმანათლებლო პროგრამებში. აღსანიშნავია, რომ 12 საოლქო საარჩევნო კომისიაში დარეგისტრირდა სამ-სამი კანდიდატი, 20-ში - ოთხ-ოთხი, 16 კომისიაში - ხუთ-ხუთი, 9 კომისიაში - ექვს-ექვსი, 11-ში - შვიდ-შვიდი, 4 კომისიაში - რვა-რვა და ერთში - თერთმეტი. 8 აგვისტოს ცესკოში დაგეგმილ სხდომაზე საოლქო საარჩევნო კომისიებში დროებითი წევრების არჩევის პროცესი წარიმართება, რომლის პირდაპირი ტრანსლირება ცესკოს ოფიციალური სოციალური ქსელის მეშვეობით განხორციელდება.