მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ცესკო მზად არის მოისმინოს დამატებითი რეკომენდაციები და ხელი შეუწყოს საკონსულტაციო ჯგუფის ფუნქციონირებას

ცენტრალური საარჩევნო კომისია

მიმდინარე წლის ივნისში საქართველოს საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მუხლი მოიცავს ცესკოს ვალდებულებას უზრუნველყოს შეიქმნას საკონსულტაციო ჯგუფი, რომელშიც გაერთიანდებიან ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი; ჯგუფი ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საარჩევნო დავებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს წარუდგენს.

საკონსულტაციო ჯგუფის შექმნის თაობაზე 6 აგვისტოს შედგა სამუშაო შეხვედრა არასამთავრობო სექტორთან. შეხვედრაზე მოწვეულები იყვნენ ორგანიზაციები, რომლებიც ბოლო სამი საერთო არჩევნებისას რეგისტრირებული იყვნენ დამკვირვებლებად.

უშუალოდ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს 15 ადგილობრივი და 2 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა. შეხვედრაზე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა მიერ გამოთქმული მოსაზრებების საფუძველზე გამოიკვეთა, რომ თუ ურთიერთშეთანხმებით ვერ შეირჩევა ჯგუფის წევრობის კანდიდატი, შესაძლებელია ჯგუფის წევრები არასამთავრობო სექტორიდან მაღალი კვორუმის საფუძველზე კენჭისყრით აირჩიონ. აღნიშნულის თაობაზე კი შემდგომ, 6 აგვისტოს გამართულ ცესკოს სხდომაზე შესაბამისი ცვლილებაც შევიდა დადგენილებაში ჯგუფის წევრების არჩევის პროცესთან დაკავშირებით.

საარჩევნო ადმინისტრაციამ სრულად დაიცვა კანონმდებლობით გაწერილი ყველა ვალდებულება ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით. საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად კი უშუალოდ არასამთავრობო სექტორის პრეროგატივაა აირჩიოს საკონსულტაციო ჯგუფის შემადგენლობა.

საკონსულტაციო ჯგუფის შექმნის მიზნით მოწვეულმა ორმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, - „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) და „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ (TI) დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ არ აპირებენ ამ პროცესში ჩართულობას. თუმცაღა, საარჩევნო ადმინისტრაცია კვლავაც სთავაზობს არასამთავრობო სექტორს წარმოადგინონ საკუთარი მოსაზრებები საკონსულტაციო ჯგუფის წევრების არჩევის წესთან დაკავშირებით, რასაც საარჩევნო ადმინისტრაცია შესაბამისად გაითვალისწინებს და მთლიან პროცესს შეუწყობს ხელს.

შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად ცესკოს დადგენილებით განისაზღვრა, რომ არანაკლებ 7 და არაუმეტეს 11 კანდიდატურას, ურთიერთშეთანხმებით (კონსენსუსით) წარადგენენ ბოლო სამი საერთო არჩევნებისას ცესკოში რეგისტრირებული ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციები; ხოლო არანაკლებ 1 და არაუმეტეს 3 კანდიდატურას ურთიერთშეთანხმებით (კონსენსუსით) წარადგენენ ბოლო სამი საერთო არჩევნებისას ცესკოში რეგისტრირებული საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები. დადგენილებაში შეტანილი ცვლილების თანახმად კი თუ ურთიერთშეთანხმებით (კონსენსუსით) ვერ შეირჩევა კანდიდატი, კანდიდატურებს კენჭისყრით შეარჩევენ.

საკონსულტაციო ჯგუფი უფლებამოსილი იქნება ცესკოს წარუდგინოს რეკომენდაციები ცესკოსა და საოლქო საარჩევნო კომისიებში საარჩევნო დავების განხილვის პროცესთან დაკავშირებით, მათ შორის განხილვის პროცედურის, სათანადო მასალების მოძიების ან/და სათანადო მტკიცებულების გამოკვლევის თაობაზე. საკონსულტაციო ჯგუფის თავმჯდომარეს ან მის მიერ განსაზღვრული ჯგუფის წევრს ასევე შეეძლება საკუთარი ინიციატივით დაესწროს საოლქო საარჩევნო კომისიებში კენჭისყრის შედეგების ხელახლა დათვლის პროცესს.ცესკო საკონსულტაციო ჯგუფის შემადგენლობას არჩევნების დანიშვნიდან 10 დღის ვადაში, განკარგულებით დაამტკიცებს.