მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კახა კალაძე: მეორე ტურში კიდევ უფრო მეტი შემართებით ვართ, მეტად მობილიზებულები და დარწმუნებული ვარ, თბილისის მოსახლეობის უმრავლესობა დაგვიჭერს მხარს

თბილისის მერი კახა კალაძე Pia.ge 2021

თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის განცხადებით, არჩევნების მეორე ტური დემოკრატიული პროცესის ნაწილია, რაშიც ტრაგედიას ვერ ხედავს. კახა კალაძემ საკუთარ მხარდამჭერებს და თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ყველა პირს მოქალაქეობრივი ვალის მოხდისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

„მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც არჩევნებში მონაწილეობა მიიღო. განსაკუთრებული მადლობა ჩემს მხარდამჭერებს, ვინც მოვიდა და თავისი მოქალაქეობრივი ვალი მოიხადა. გულწრფელად ვიტყვი, რომ რაც დემოკრატიულ ფასეულობებთან არის ახლოს, ჩემთვის ტრაგედია არ არის. ვგულისხმობ მეორე ტურს. რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, რომ ყველაფერი პირველ ტურში დაგვესრულებინა და ამასთან ძალიან ახლოს ვიყავით, თუმცა ეს ვერ მოხერხდა. არსებობს ბევრი მიზეზი. მე, პირველ რიგში, საკუთარ თავს ვუსვამ ხოლმე კითხვას. ჩემი წარმატების ფორმულის ერთ-ერთი კომპონენტი სწორედ ეს არის, რომ გამოსავალი საკუთარ თავში ვეძიო - რაღაც შეიძლება დავაკელი, ვერ შევძელი. ყოველთვის ამ მიდგომით მოვდივარ, ჯერ კიდევ საფეხბურთო კარიერის დროიდან და ეს პოლიტიკაშიც ძალიან მეხმარება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მეორე ტურისთვის კიდევ უფრო მეტი შემართებით არის და დარწმუნებულია, რომ თბილისის მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერას მოიპოვებს.

„კიდევ ერთხელ გულწრფელად გადავუხდი მადლობას ყველას, ვინც ჩართული იყო ჩემს საარჩევნო კამპანიაში და ყველა ჩემს მხარდამჭერს. მეორე ტურში კიდევ უფრო მეტი შემართებით ვართ, მეტად მობილიზებულები და დარწმუნებული ვარ, თბილისის მოსახლეობის უმრავლესობა მხარს დაუჭერს ქალაქის განვითარებას, სიმშვიდეს, სტაბილურობას და აღმშენებლობას. ერთადერთი კანდიდატი ვიყავი, ვინც რეალურად საუბრობდა კონკრეტულ პროექტებზე და გასაკეთებელ საქმეებზე, თუ როგორ წარმოგვიდგენია ჩვენი ქალაქი ოთხი წლის შემდეგ. დარწმუნებული ვარ, ამ ყველაფრის გათავისებით, თბილისის მოსახლეობის უმრავლესობა დაგვიჭერს მხარს იმაში, რომ გამარჯვება ბოლომდე მივიყვანოთ“, - აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა.