მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შემაჯამებელი ოქმებით ცესკოს და პროცესის დისკრედიტაციის მცდელობა წარმოუდგენელი უვიცობა და დილეტანტიზმია - დავით ჩიხელიძე

დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე Pia.ge

„ოპოზიციისთვის არჩევნების შემდგომ შედგენილი შემაჯამებელი ოქმებით სპეკულაცია ჩვევად იქცა, ისინი საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, ოქმებში არსებულ დისბალანსს კატასტროფად და კანონის დარღვევად წარმოაჩენენ, რაც მტკნარი სიცრუეა. ვინც არჩევნებში ერკვევა, მან კარგად იცის, რომ ოქმებში არსებული დისბალანსი ჩვეულებრივი მოვლენაა, რომელსაც არჩევნების შედეგთან კავშირი არ აქვს“, - ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე აცხადებს.

ჩიხელიძის თქმით, ოპოზიცია თავს სასაცილო მდგომარეობაში იგდებს:

„დისბალანსი მარტივად განიმარტება, უამრავი უბანი არსებობს, სადაც ხმას მხოლოდ პროპორციულ სიაში მყოფ სუბიექტებს ან მერს აძლევენ, მაჟორიტარობის კანდიდატს კი არა,(პენიტენციურ დაწესებულებაში, კოვიდ უბნებში და ა.შ.) რაც ბუნებრივია, დისბალანსს იწვევს. 2021 წლის არჩევნების დროს,სხვა მრავალ სიახლესთან ერთად მეტად საინტერესო და მნიშვნელოვანი სიახლე დაინერგა, კერძოდ ცესკოში (სამივე დონეზე) კომისიის წევრთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა, საიდანაც 8 წევრი ოპოზიციური პარტიის მიერ არის დანიშნული, ოპოზიციისთვის აღნიშნული სიახლე, არჩევნებზე დაკვირვების ყველაზე ძლიერი და ქმედითი ბერკეტია, რომელსაც გაყალბების, ოქმებით მანიპულირების და სხვადასხვა სპეკულაციის შესაძლებლობა მინიმუმამდე დაჰყავს.

შემაჯამებელი ოქმზე აბსოლუტურ უმრავლესობაზე ხელი კომისიის 17-მა წევრმა მოაწერა, შესაბამისად ჩემთვის გაუგებარი და მიუღებელია მათი დამნიშნავი სუბიექტების (ოპოზიციის) ისტერია, რომელიც ჭიქაში ქარიშხლის ატეხვას ემსახურება. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ კომისიის თითოეულ წევრს, შემაჯამებელ ოქმზე განსხვავებული აზრის დაფიქსირების შესაძლებლობა აქვს. აბა გამოიცანით სულ რამდენი განსხვავებული აზრი გამოითქვა? მხოლოდ 8! მინდა მივმართო ოპოზიციას, ხომ ხედავთ, რომ თავს სასაცილო მდგომარეობაში იგდებთ, შემაჯამებელი ოქმებით ცესკოს და პროცესის დისკრედიტაციის მცდელობა წარმოუდგენელი უვიცობა და დილეტანტიზმია“, - აცხადებს დავით ჩიხელიძე.