მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაცია - განხორციელებული პროექტები და სამომავლო გეგმები

 ინტერვიუ ხატია გოგილაშვილთან

„განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციას“ საზოგადოება უკვე კარგად იცნობს. ასოციაცია აერთიანებს საზღვარგარეთ განათლებამიღებულ სხვადასხვა დარგის ათობით პროფესიონალს, რომლებიც აქტიურად ახორციელებენ საინტერესო პროექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ახლახან ასოციაციამ, ცენტრის მხარდაჭერით, საგრანტო კონკურსი გამოაცხადა. თუ ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობა, რა სახის პროექტები დაფინანსდება პროგრამის ფარგლებში და ზოგადად, როგორია ასოციაციის სამომავლო გეგმები -  ამ და სხვა თემებზე ასოციაციის პრეზიდენტს, განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიატს და ლონდონის სამეფო კოლეჯის კურსდამთავრებულს - ხატია გოგილაშვილს ვესაუბრეთ.

გთავაზობთ ინტერვიუს ხატია გოგილაშვილთან.

  • გამარჯობა ხატია, პირველ რიგში, გვიამბეთ განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის შესახებ. როდის ჩამოყალიბდა ეს ორგანიზაცია და რა მიზნებს ემსახურება ის?

khatia-gogilashvili_o_h.jpegგანათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაცია 2018 წლის ზაფხულში ჩამოყალიბდა მსოფლიოს სხვადასხვა წამყვანი უნივერსიტეტებიდან დაბრუნებულ კურსდამთავრებულთა მიერ. უკვე მესამე წელია ასოციაცია წარმატებით საქმიანობს და ახორციელებს სხვადასხვა მნიშვნელოვან პროექტს ასოციაციის წევრების, ხელმძღვანელი გუნდისა და მრჩეველთა საბჭოს უწყვეტი ჩართულობით. ასოციაციის მრჩეველთა საბჭოს წევრები არიან სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, საბჭოს - ვიცე-პრემიერი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ქალბატონი მაია ცქიტიშვილი ხელმძღვანელობს.

კურსდამთავრებულთა ასოციაციის დაარსების იდეა და მიზნები სამ მნიშვნელოვან საფუძველს ეყრდნობა: კურსდამთავრებულთა ქსელის შექმნას და გაძლიერებას, ასოციაციის წევრთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობას და საზოგადოებრივი სიკეთის შექმნას. კურსდამთავრებულთა ასოციაცია ასრულებს ერთგვარი დამაკავშირებლის ფუნქციას უცხოეთში განათლებამიღებულ ახალგაზრდებსა და საზოგადოებას შორის, რომელიც საბოლოო ჯამში ემსახურება ქვეყნის ეკონომიკურ, სოციალურ და დემოკრატიულ განვითარებას ასოციაციის წევრების საერთაშორისო განათლების და გამოცდილების მრავალფეროვნების მეშვეობით.

  • ახლახან ასოციაციამ გამოაცხადა საგრანტო კონკურსი. როგორია კონკურსის პირობები, ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობა ან რა სახის პროექტები დაფინანსდება აღნიშნული პროგრამის ფარგლებში?

დიახ, დაახლოებით ორი კვირაა, რაც გამოვაცხადეთ მცირე საგრანტო კონკურსი, რომლის მიზანია კურსდამთავრებულთა მიერ ახალგაზრდული, საზოგადოებრივი და აკადემიურ-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების ხელშეწყობა. შესაბამისად, კონკურსის ფარგლებში ასოციაციის წევრებს ეძლევათ შესაძლებლობა განახორციელონ სხვადასხვა პროექტები ამ პროგრამით განსაზღვრულ თემატიკაზე, რომლის არეალიც ძალიან ფართოა და მოიცავს რეგიონულ განვითარებას, ინოვაციების ხელშეწყობას, განათლებას, ხელოვნებას, ჯანდაცვას, კონფლიქტების მართვა და გარემოს დაცვას. ჩამოთვლილის გარდა ასოციაცია ასევე იზიარებს და დამატებით პრიორიტეტად აცხადებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ ფორმულირებულ მდგრადი განვითარების მიზნებს.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ ასოციაციის წევრებს, თუმცა განხორციელების პროცესში შესაძლებელია როგორც ასოციაციის არაწევრი პირების, ისე ცენტრის იმ სტიპენდიანტების ჩართვა, რომელთაც ჯერ სწავლა არ დაუსრულებიათ. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პროგრამის ფარგლებში თითოეულ აპლიკანტს შეუძლია 50,000 ლარამდე დაფინანსების მოპოვება, რაც მნიშვნელოვნად აღემატება წინა წელს გაცემული გრანტების ოდენობას. საკონკურსო განაცხადები მიიღება მიმდინარე წლის 11 დეკემბრის ჩათვლით და მოიცავს ორ ეტაპს: განაცხადის შინაარსობრივ შეფასებას და შემდეგ უკვე გასაუბრებას საკონკურსო კომისიასთან. საბოლოო გადაწყვეტილებას გრანტების გაცემის შესახებ იღებს საგრანტო პროგრამის ფარგლებში შექმნილი საკონკურსო კომისია სამართლიანობის, შეჯიბრობითობისა და გამჭვირვალეობის პრინციპების დაცვით.

  • თქვენ აღნიშნეთ, რომ მსგავსი კონკურსი გასულ წელსაც ჩატარდა და კურსდამთავრებულთა პროექტებიც დაფინანსდა. გვიამბეთ უკვე განხორციელებული საქმიანობის შესახებ, რა სახის ღონისძიებები ჩატარდა და რომელ სფეროებს მოიცავდა აღნიშნული პროექტები?

ნამდვილად, მსგავსი კონკურსი 2019 წელსაც ჩატარდა. მაშინ 16 განაცხადი მივიღეთ, რაც პირველი წლისთვის საკმაოდ კარგი შედეგია. კომისიის გადაწყვეტილებით 8 პროექტმა გაიმარჯვა და გრანტის სახით სრულად დაახლოებით 150 000 ლარი გაიცა. პროექტები მრავალფეროვანი იყო და სხვადასხვა სფეროში დასაქმებულ კურსდამთავრებულებს აერთიანებდა. ასე მაგალითად: პროექტები ეხებოდა ენერგოუსაფრთხოების კვლევას, მდინარეთა კალაპოტების მართვის დაგეგმარებას საქართველოს მასშტაბით, კედლის ისტორიული მხატვრობების რესტავრაციას, ქართულ მოტივებზე ვიდეოთამაშის შექმნას, სტუდენტთა ნაშრომების გაერთიანებული ონლაინ-ბაზის გაკეთებას, უმაღლეს სასწავლებლებში ხარისხის მართვის ამაღლებას და ა.შ. გლობალური პანდემიის შეზღუდვებმა, რა თქმა უნდა, პროექტების განხორციელებასაც შეუშალეს ხელი, თუმცა, საბედნიეროდ, პროექტების უმრავლესობა წარმატებით დასრულდა. მათგან ნაწილს უკვე ჰქონდა პრეზენტაცია, ნაწილის პრეზენტაცია კი - ახლო მომავალში იგეგმება.

  • დაბოლოს, გარდა საგრანტო კონკურსებისა, კიდევ რა ღონისძიებებს ახორციელებს ასოციაცია და როგორია თქვენი ორგანიზაციის სამომავლო გეგმები?

კურსდამთავრებულთა ასოციაცია, გარდა საგრანტო კონკურსებისა, ყოველწლიურად ორგანიზებას უწევს კარიერულ ფორუმს, რომლის მიზანია ჩვენი ასოციაციის წევრების კარიერული შესაძლებლობებისა და პროფესიული კომუნიკაციის გაფართოება. სამწუხაროდ, გლობალური პანდემიის ფონზე, მიმდინარე წელს დაგეგმილი ფორუმი გადავდეთ მომავალი წლისთვის, რომელსაც აუცილებლად განვახორციელებთ, როგორც კი მოგვეცემა საშუალება უსაფრთხოდ ჩავატაროთ აღნიშნული ღონისძიება.

ამჟამად, დამატებით ვმუშაობთ ასოციაციის სამომავლო გეგმებზე, რომლის ფარგლებშიც ვგეგმავთ ასოციაციის ინსტიტუციურ განვითარებას, ასოციაციის წევრების ექსპერტული ცოდნის ადვოკატირებას, კვლევითი ბანკის შექმნას და სხვადასხვა საზოგადოებრივ აქტივობებს, რაც ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი ხელშესახები სიკეთის შექმნას, ასოციაციის პოტენციური წევრების მოზიდვას და კურსდამთავრებულთა შიდა ქსელის გაძლიერებას. ვფიქრობთ, რომ ასოციაციის ძირითადი მიზნები და აღნიშნული გეგმები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ასოციაციის წევრთა განვითარებაში, რაც საბოლოო ჯამში ემსახურება სახელმწიფოსგან გაღებული რესურსის სახელმწიფოსთვისვე ეფექტიან გამოყენებას.