მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გურჯაანში  ტექნოპარკი გაიხსნა

გურჯაანში  ტექნოპარკი გაიხსნა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ გურჯაანში ტექნოპარკი გახსნა. პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.

მათივე თქმით, ტექნოპარკი არის ფიზიკური სივრცე, სადაც თავმოყრილია ტექნოლოგიური, საგანმანათლებლო და პროფესიონალური რესურსები და წარმოადგენს ერთგვარ პლატფორმას ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ბიზნესების განვითარებისთვის. ტექნოპარკი აერთიანებს სხვადასხვა ასაკის, მიმართულებისა და იდეების მქონე ადამიანებს და ხელს უწყობს მათ ტექნოპარკის ინფრასტრუქტურის გამოყენებით, შექმნან ინოვაციური, ტექნოლოგიებზე დაფუძნებული წარმოებები, რომლებიც კონკურენტუნარიანი იქნება როგორც ადგილობრივ, ასევე გლობალურ ბაზარზე.

„გურჯაანის ტექნოპარკის გახსნის მიზანია, დავეხმაროთ ადგილობრივ მოსახლეობას, კერძო სექტორის წარმომადგენლებსა და მუნიციპალიტეტს გამოიყენონ აქამდე რთულად ხელმისაწვდომი ტექნოლოგიები საკუთარი საქმიანობის განვითარებისთვის და მიიღონ ცოდნა, როგორც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში, ისე მეწარმეობის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, ადგილობრივი ახალგაზრდობის ჩართულობა და მათი ცოდნის ამაღლება, თუ როგორ უნდა შექმნან სტარტაპი, რა ეტაპები უნდა გაიარონ იმისთვის, რომ ბიზნესად ჩამოყალიბდნენ და წარმატებას მიაღწიონ.

ტექნოპარკში წარმოდგენილია სამრეწველო ინოვაციების უნივერსალური ლაბორატორია (ფაბლაბი) - უახლესი დანადგარებით: მაღალი წარმადობის 3D პრინტერი, ლაზერული მჭრელი, პროგრამირებადი ჩარხი, CNC აპარატი, პლატების საბეჭდი როუტერი, 3D სკანერი და სხვა. მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტებით დაკომპლექტებული ლაბორატორიული სივრცე დაეხმარება დაინტერესებულ პირებს მოდელირებასა და პროტოტიპირებაში .

ამასთან, ტექნოპარკი აერთიანებს სასწავლო ცენტრს, საერთო სამუშაო სივრცეს (co-working), სტარტაპებისა და ე.წ „ფრილანსერებისათვის“, სადაც შესაძლებელია, გარკვეული პირობებით, სამუშაო ადგილის მიღება, საკუთარი იდეის, თუ სტარტაპის გასავითარებლად. სივრცე აღჭურვილია ყველა პირობით, რომელიც ხელს უწყობს სტარტაპის განვითარებას.

ტექნოპარკში ხელმისაწვდომი იქნება ასევე საკონფერენციო დარბაზი, კომპანიებისთვის ერთობლივი სამუშაო ადგილები და სხვა სერვისები, რომლებიც შექმნის ერთიან ეკოსისტემას ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით და ხელს შეუწყობს ინოვაციური იდეების განვითარებას რეგიონში.

აღნიშნული ინფრასტრუქტურა ხელს უწყობს ქვეყანაში ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის მშენებლობას, მაღალკვალიფიციური და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ძალის შექმნას, ინკლუზიური ეკონომიკის განვითარებასა და ქვეყანაში ინვესტიციების მობილიზებას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.