მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რევაზ კოპალაძე: სპეციალური მმართველის დანიშვნა, თითქმის შეუზღუდავი უფლებებით, იქნება კომპანიისთვის სამეწარმეო თავისუფლების შეზღუდვა

კავკასუს ონლაინის გენერალური დირექტორი

„კავკასუს ონლაინი“ საკონსტიტუციო სასამართლოში დავისთვის ემზადება. კომპანიის გარშემო მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას, „კავკასუს ონლაინის“ გენერალური დირექტორი რევაზ კოპალაძე ამბობს, რომ სარჩელის შეტანას უახლოეს დღეებში გეგმავენ.

საქმე იმაში გახლავთ, რომ საქართველოს კომუნიკაციების კომისიამ 20 აგვისტოს ჩატარებულ სხდომაზე კიდევ ერთხელ, მორიგ ჯერზე კომპანიას 270 000 ლარის გადახდა დააკისრა და ერთი თვე მისცა, რათა შებრუნდეს გარიგება, რომლის მიხედვითაც „კავკასუს ონლაინის“ წილის 49%-ის მფლობელი „ნექსოლ ჰოლდინგი“ გახდა.

კომისიის გაფრთხილების თანახმად, თუ ერთი თვის ვადაში მოთხოვნა არ იქნება შესრულებული, ჯარიმის ნაცვლად უკვე სხვა სახის სანქციას განიხილავენ. ამ დროისთვის უცნობია, იქნება თუ არა ახალი სანქცია კომპანიაში სპეციალური მმართველის დანიშვნა.

ამ თემებზე ტელეკომპანია „TV პირველის“ ეთერში, გადაცემაში „საქმიანი დილა“ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა რევაზ კოპალაძემ ისაუბრა.

„20 სექტემბერს გავიდა კომუნიკაციების კომისიის მიერ მოცემული საბოლოო ვადა, რომელიც ითხოვდა გარიგების შებრუნებას, ანუ წილის 49%-ის დაბრუნებას „ნექსოლ ჰოლდინგის“ მხრიდან პირვანდელ მდგომარეობაში. ვადა ამოწურულია და რა თქმა უნდა, ეს მოთხოვნა შესრულებული არ არის - ჩვენ დავის დროს, თვეების განმავლობაში არაერთხელ ვთქვით, რომ კავკასუსის ხელმძღვანელობა მოკლებულია შესაძლებლობას, სხვა ქვეყნის იურისდიქციაში შეცვალოს გარიგება, რომელიც ფიზიკურ პირებს შორის მოხდა. რაც შეეხება მოლოდინს, კომისიის უახლოეს სხდომაზე ველით ამ საკითხზე კიდევ ერთხელ მსჯელობას...

ცვლილებები კანონში, რომელიც რამდენიმე თვის წინ პარლამენტმა დაამტკიცა, მოგეხსენებათ, კომუნიკაციების კომისიას შესაძლებლობას აძლევს ერთპიროვნულად გადაწყვიტოს და კომპანიაში სპეციალური მმართველი დანიშნოს. ძალიან მნიშვნელოვანი დათქმაა, რომ ყოველგვარი წინასწარი სასამართლო კონტროლის გარეშე კომისიას მიენიჭა სრული დისკრეცია, დანიშნოს სპეციალური მმართველი. საკანონმდებლო ცვლილებების და მთავრობის გადაწყვეტილებების საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრების ერთ-ერთი თემა სწორედ ეს გახლავთ - სპეციალური მმართველის დანიშვნა, რომელიც თითქმის შეუზღუდავი უფლებებით იქნება აღჭურვილი, იქნება კომპანიისთვის სამეწარმეო თავისუფლების შეზღუდვა. მას შეეძლება არა ტრანზაქციის პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება, არამედ კომპანიის სრულად გაკოტრება.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ და ნებისმიერ დებატში შემიძლია დავამტკიცო, რომ სპეციალური მმართველი მოკლებული იქნება შესაძლებლობას, გავლენა იქონიოს გარიგების მონაწილე ფიზიკურ პირებზე. რაც ვერ შეძლო „კავკასუს ონლაინის“ მენეჯმენტმა, იმას მმართველი ვერ განახორციელებს.

ჩვენ არაერთხელ დავსვით ეს საკითხი პარლამენტის კომიტეტში გამართულ ღია თუ დახურულ შეხვედრებზე და პასუხი ვერ მივიღეთ. მარტივ მაგალითს გეტყვით, სრული წარმოდგენა რომ შეგექმნათ ხელისუფლების არგუმენტებზე: კომუნიკაციების კომისიის წევრის და ერთ-ერთი დეპუტატის პასუხი ჩვენს კითხვაზე იყო, რომ სპეციალურ მმართველს შესაძლებლობა ექნება არ გაანაწილოს დივიდენდი, რაც ახალ მფლობელს იძულებულს გახდის წილი უკან დააბრუნოს. პასუხის არსი არის შემდეგი - რაში ჭირდება მფლობელს კომპანია, საიდანაც ვერ მიიღებს დივიდენდს?! დაბეჯითებით ვამბობთ, დივიდენდის არგანაწილების გამო კანონიერი მფლობელი აქციებს არ დათმობს, მაგრამ არ განახორციელებს იმ ინვესტიციას, რომელიც დაგეგმილი ჰქონდა. ეს იქნება და არის კომუნიკაციების კომისიის და ხელისუფლების გადაწყვეტილებების შედეგი. ჩვენ უკვე დავკარგეთ დრო ამ დავის გამო. ის ინსტრუმენტები, რომლითაც აღჭურვეს სპეციალური მმართველი და რის გამოყენებასაც აპირებენ, პირდაპირ არის მიმართული კომპანიის გაკოტრებისკენ.

რაც შეეხება ვადებს, რამდენი ხანი შეიძლება იყოს დანიშნული სპეციალური მმართველი კომპანიაში - თავდაპირველად საკანონმდებლო ცვლილებების პროექტში, სპეციალურ მმართველს დროებითი მმართველი ერქვა. ის ინიშნებოდა 2 წლის ვადით და აღჭურვილი იყო უფლებით, კერძო საკუთრებაში არსებული ქონება აუქციონის წესით გაესხვისებინა, პირდაპირ ექსპროპრიაციის უფლება ჰქონდა. განხილვის შემდეგ, მას კომპანიის გასხვისების უფლება ჩამოერთვა, მაგრამ სამაგიეროდ დაინიშნება განუსაზღვრელი ვადით, 2 წლიანი ვადაც გაუქმდა. ჩაითვალა, რომ სხვისი ქონების გასხვისება იქნებოდა არასწორი, უკანონო და არაკონსტიტუციური, მაგრამ ვადის გაუქმებით არსი დარჩა შეუცვლელი... მართალია, დანიშვნიდან 2 წლის თავზე სპეციალური მმართველი ვერ გაყიდის ქონებას, მაგრამ ამ რედაქციით ის თავიდანვე მოდის როგორც ახალი მესაკუთრის, სახელმწიფოს წარმომადგენელი. ძალიან თვალში საცემი ნორმა სხვისი ქონების გასხვისების უფლების შესახებ გაუქმდა, მაგრამ ახალ მმართველს შეუძლია დანიშვნის დღიდან დაიწყოს იმის განხორციელება, რაც უნდა გაეკეთებინა 2 წლის თავზე“, - განაცხადა რევაზ კოპალაძემ.

შეგახსენებთ, რომ კომპანია „NEQSOL ჰოლდინგმა“ 2019 წელს სატელეკომუნიკაციო კომპანია „კავკასუს ონლაინის“ 49%-იანი წილი შეისყიდა და მასში $61 მილიონი აშშ დოლარი გადაიხადა. სწორედ ამ გარიგებას მოჰყვა საქართველოს კომუნიკაციების კომისიის და მთავრობის მკვეთრი რეაქცია. კომისია მიუთითებდა, რომ გარიგება მათთან არ იყო წინასწარ შეთანხმებული, რასაც „კავკასუსისთვის“ მკაცრი სანქცია უნდა მოჰყოლოდა. კომისიამ კომპანიისგან გარიგების გაბათილება და სტატუს ქვოს აღდგენა მოითხოვა. კომისიამ „კავკასუს ონლაინი“ რამდენჯერმე უკვე დააჯარიმა, მათ შორის უმაღლესი სანქციით 270 000 ლარით. კომპანიას კომისიის გადაწყვეტილებები საქალაქო სასამართლოში აქვს გასაჩივრებული და უახლოეს დღეებში საკანონმდებლო ცვლილებების საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებს.