მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თბილისის დებატების სკოლა“ აცხადებს მოსწავლეების შერჩევის კონკურსს

თბილისის დებატების სკოლა

საერთაშორისო დებატების საგანმანათლებლო ასოციაციის (IDEA) წევრი ორგანიზაცია საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი (GIDE) აცხადებს მოსწავლეთა მიღებას „თბილისის დებატების სკოლაში“, პროექტ „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მიერ. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, იმ მოსწავლეებს, ვისაც სურს დაეუფლოს დებატების ტექნიკას და კამათის ხელოვნებას, შეუძლიათ შეავსონ აპლიკაციის ფორმა ორგანიზაციის Facebook გვერდზე shorturl.at/dqzQ3

„თბილისის დებატების სკოლაში“ მიიღებიან მოსწავლეები 13 წლიდან, რომლებსაც ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა მიიღონ მონაწილეობა პროექტის ფარგლებში დაგეგმილ ყველა აქტივობასა, კონკურსსა თუ ტურნირში როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. დებატების სკოლა დაიწყებს აქტიურ მუშაობას ოქტომბრიდან და მისი პირველი კურსი გაგრძელდება 8 თვის განმავლობაში. სისტემატიური 2-საათიანი მეცადინეობები ჩატარდება ყოველკვირეულად.

სწავლების პროცესში მოხდება ფორმალური დებატების ტექნიკის სწავლება და სახალისო აქტივობებით ისეთი უნარების განვითარება, როგორიცაა კრიტიკული აზროვნება, პრეზენტაციების მომზადება, დროის მართვა, გუნდურობა, მოკვლევის წარმოება, ოპონენტის პატივისცემა, ყველაფერი, რაც ორატორობასთანაა დაკავშირებული და აკადემიურ სწავლებაში შეუწყობს მოსწავლეებს ხელს.

პროექტი „დებატები უკეთესი განათლებისთვის“, რომელიც მხარდაჭერილია გუდავაძე-პატაკაციშვილის ფონდის მიერ, თებერვალში დაიწყო საქართველოს სხვადასხვა სკოლის დებატების კლუბის ხელმძღვანელების გადამზადებით. ახლა კი იწყება პროექტის მეორე ფაზა, რომლის ფარგლებში, გარდა დებატების სკოლის გახსნისა, ცხადდება მასწავლებლების კონკურსი მთელი საქართველოდან. შერჩეული მასწავლებლები გადამზადდებიან დებატების ტექნიკასა და კლუბის მართვაში. შედეგად კი მთელი საქართველოს მასშტაბით გაიხსნება ახალი კლუბები ისეთ რეგიონებში, როგორიცაა კახეთი, ქვემო ქართლი, აჭარა, იმერეთი, რაჭა, შიდა ქართლი და თბილისი.