მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ალიევი: სომხურმა თემმა და აზერბაიჯანულმა საზოგადოებამ მთიან ყარაბაღში მშვიდობიანად უნდა იცხოვრონ 

აზერბაიჯანის პრეზიდენტი

„ჩვენი პოზიცია ყოველთვის იყო ძალიან კონსტრუქციული და თანმიმდევრული. ეს პოზიცია ასევე ემყარება საერთაშორისო სამართლის ნორმებს, გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მიერ მიღებული ოთხი რეზოლუციის შესრულების თვალსაზრისით, რომლებიც მოითხოვს სომხეთის ძალების დაუყოვნებლივ, სრულ და უპირობოდ გაყვანას ჩვენი ტერიტორიებიდან“,- ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს. ინფორმაციას კი, report.az ავრცელებს.

ალიევის თქმით, აზერბაიჯანის პოზიცია ყოველთვის ემყარებოდა პრაგმატულ მიდგომას.

„ვფიქრობ, მოლაპარაკებების მაგიდაზე ამის ვარიანტები მეტყველებს. რაც შეეხება წითელ ხაზებს, ჩვენ ეს ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ და ეს კარგად იციან მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა. აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დაირღვეს. აზერბაიჯანი მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობას არავითარ შემთხვევაში არ ეთანხმება. ამასთან, ამავდროულად, ჩვენი წინადადება ემყარებოდა იმ ფაქტს, რომ მომავალში სომხურმა თემმა და აზერბაიჯანულმა საზოგადოებამ მშვიდობიანად უნდა იცხოვრონ მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე.

სხვათაშორის, აზერბაიჯანის სხვა დასახლებებში, მათ შორის ბაქოში, რუსეთში, საქართველოში და სხვა ქვეყნებში, სადაც მრავალათასიანი სომხური საზოგადოებაა, სომხები და აზერბაიჯანელები ზოგჯერ ერთ სოფელში ცხოვრობენ და მუშაობენ, მათ შორის არანაირი კონფლიქტი არ არის. რატომ ვერ მივაღწიეთ ამას?

რა თქმა უნდა, ეთნიკური წმენდის შედეგები უნდა აღმოიფხვრას და ყველა ჩვენი დევნილი უნდა დაბრუნდეს საკუთარ სახლებში“,- აღნიშნა ილჰამ ალიევმა.

ცნობისთვის, მთიან ყარაბაღში და მოსაზღვრე რაიონებში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის საომარი მოქმედებები 27 სექტემბერს განახლდა. სომხეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან ამ ხნის განმავლობაში 555 ჯარისკაცი და ოფიცერი დაიღუპა. აზერბაიჯანული მხარის დანაკარგების შესახებ უცნობია.

10 ოქტომბერს მოსკოვში აზერბაიჯანის, სომხეთის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება გააფორმეს. ამის მიუხედავად, კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებები გაგრძელდა.