მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ანთაძე: უკანონოდ დაკავებულების გასათავისუფლებლად დიალოგი გაგრძელდება

ეგნეთში შეხვედრა დასრულდა

„უკანონოდ დაკავებულების, ზაზა გახელაძის, ხვიჩა მღებრიშვილისა და გენადი ბესტაევის უპირობოდ გათავისუფლება მოვითხოვეთ“, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე განიხილეს ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი, რაც ბოლო 11 თვის მანძილზე დაგროვდა. ყურადღება გამახვილდა უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საკითხზე.

„პირველივე დღიდან ჩვენ მოვითხოვეთ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის უპირობოდ გათავისუფლება. აღნიშნული გაჟღერდა ამ შეხვედრაზეც, გაჟღერდა პრინციპულად. რა თქმა უნდა, გაჟღერდა ასევე უკანონო პატიმრობაში მყოფი ხვიჩა მღებრიშვილისა და გენადი ბესტაევის უპირობოდ გათავისუფლებისა და საკუთარ ოჯახებში რაც შეიძლება მალე დაბრუნების აუცილებლობა. ასევე ვიმსჯელეთ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესზე, საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ დაკავების ფაქტებზე, თავისუფალი გადაადგილების კუთხით არსებულ შეზღუდვაზე. საუბარი შეეხო ჩვენი თანამოქალაქეების მკვლელობის ფაქტებსაც, რომელიც ჩვენს დღის წესრიგში მუდმივად არის“,- აღნიშნა ირაკლი ანთაძემ.

მისი თქმით, უკანონოდ დაკავებული პატიმრების გათავისუფლების საკითხზე კონსულტაციების წარმოებაზე უარი არ თქმულა და დიალოგი აუცილებლად გაგრძელდება მომდევნო შეხვედრაზე, რომელიც სექტემბერში გაგრძელდება.

„მათი გათავისუფლების საკითხი რთული და შრომატევადი პროცესია, გარანტიებზე საუბარი ნაადრევია.

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას ირგვლივ განვითარებული დესტრუქციული პროცესები რა თქმა უნდა იყო განხილვის საგანი, თუმცა ეს არ ყოფილა დაკავებული უკანონო პატიმრების გათავისუფლების საკითხთან კავშირში. ჩვენ უკანონოდ დაკავებულების საკითხი ცალკე ბლოკად განვიხილეთ. ამაზე კონსულტაციები აუცილებლად გაგრძელდება. პროცესი რთული და შრომატევადია, მაგრამ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ თუ გადავხედავთ ყველა ფაქტს, რაც კი მომხდარა - უკანონო დაკავება, ყველა ჩვენი მოქალაქე დაუბრუნდა საკუთარ ოჯახს. ამ პროცესში უმნიშვნელოვანესი როლი აქვს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობას, რომელთა მონაწილეობის ხარისხი ძალიან მაღალ ნიშნულზეა, ამაში როლს თამაშობს რა თქმა უნდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებიც“,- განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

რაც შეეხება ზაზა გახელაძის ჯანმრთელობის მდგომარეობას, რომელიც ოკუპანტებმა ჯერ დაჭრეს და შემდეგ დააკავეს, ირაკლი ანთაძის ინფორმაციით, მას გეგმიური სამედიცინო მომსახურება უტარდება და თავს კარგად გრძნობს.

„მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“,- აღნიშნა ირაკლი ანთაძემ.

ცნობისთვის, ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების რიგით 96-ე შეხვედრა დასრულდა, რომელშიც ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ხელისუფლების, ეუთოსა და ვეროკავშირის სადამკვირვებლო მისიებისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმოამდგენლები მონაწილეობდნენ. მორიგი შეხვედრა 24 სექტემბერს დაიგეგმა.