მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ-ის საელჩო: ვგმობთ საქართველოს მოქალაქის მისამართით გასროლისა და მისი დაკავების ფაქტს

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო

„ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში შეწუხებულია და ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს ცნობებზე რუსეთის მიერ მართული უსაფრთხოების ძალების მხრიდან საქართველოს მოქალაქის მიმართ გასროლის, დაჭრისა და დაკავების ფაქტთან დაკავშირებით 11 ივლისს, სოფელ ქვემო ჭალის მახლობლად, რუსეთის მიერ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მიმდებარედ“,- ამის შესახებ საქართველოში ამერიკის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.

დიპლომატიური უწყება გმობს საქართველოს მოქალაქის მიმართ გასროლისა და მისი დაკავების ფაქტს.

„ჩვენ ვგმობთ გასროლისა და დაკავების ფაქტს, რაც კიდევ ერთი გამოვლინებაა სიტუაციის გამწვავებისკენ მიმართული პროვოკაციული ქმედებებისა, რასაც რუსეთის მიერ მართული ძალები ამ ბოლო კვირების განმავლობაში ახორციელებენ. ასეთი სახიფათო და გაუმართლებელი ინციდენტი არ მოხდებოდა, თუ რუსეთი შეასრულებდა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს, რომელთა შორისაა, შეიარაღებული ძალების გაყვანა კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე და ჰუმანიტარულ დახმარებაზე შეუფერხებელი წვდომის დაშვება. ჩვენ მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ამ ინციდენტის დროს დაკავებული საქართველოს მოქალაქე.

ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევია. მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის, რომ რუსეთმა შეწყვიტოს დესტაბილიზაციისკენ მიმართული ქმედებები, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ვალდებულებები და შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია“,- აღნიშნულია ამერიკის საელჩოს განცხადებაში.

კასპის მუნიციპალიტეტში, სხვილოს ციხესთან რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქეს ესროლეს და უკანონოდ დააკავეს.