მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბიბილოვი: ოსები რუსეთის პატრიოტები ვართ და მას ყოველთვის ისტორიულ სამშობლოდ მივიჩნევდით

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტი

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, ოსები რუსეთის პატრიოტები არიან. იგი მხარს უჭერს რუსული ოპოზიციური პარტია „სიმართლისთვის“ ლიდერის ზახარ პრილეპინის ინიციატივას, რომლის მიხედვითაც რუსეთთან შეერთების საკითხზე ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს.

ამის შესახებ ბიბილოვმა ადგილობრივ გამოცემას ინტერვიუში განუცხადა.

„ვეთანხმები ზახარ პრილპინის განცხადებას, რომელიც რუსული სახელმწიფოს ნამდვილი პატრიოტია. ჩვენ ოსებიც რუსეთის პატრიოტები ვართ და მას ყოველთვის ჩვენს ისტორიულ სამშობლოდ მივიჩნევდით. მართლაც, 1774 წელს ოსეთი რუსეთის იმპერიის ნაწილი გახდა“,- აღნიშნა ანატოლი ბიბილოვმა.

როგორც მან აღნიშნა, მადლობელი იქნება, თუ რუსეთში პრილეპინის ინიციატივას რეალური ქმედებები მოჰყვება.

„მე ვიქნები მადლობელი და ორივე ხელით მხარს ვუჭერ ოსეთის რუსეთთან შეერთებას, როგორც პრეზიდენტი და როგორც ოსი“,- განაცხადა ე.წ. სახელმწიფოს მეთაურმა.

„თითოეულ რესპუბლიკას აქვს შემდგომი განვითარების გზა და საკუთარი არჩევანი, მაგრამ მე მაქვს უფლება ვისაუბრო ჩემი ხალხის სახელით. 1989 წლიდან სამხრეთ ოსეთი დგას ჩრდილოეთ ოსეთთან და რუსეთთან გაერთიანების გზაზე. უფრო მეტიც, ხალხმა ეს სურვილი რეფერენდუმშიც გამოავლინა. ჩვენ ვიბრძოდით საქართველოსგან დამოუკიდებლობისთვის და სამხრეთ ოსეთის ხალხის სურვილი ყოველთვის იყო რუსეთის შემადგენლობაში შესვლა და ოსი ხალხის გაერთიანება. გარდა ამისა, ასეთი მზაობა ოსმა ხალხმა ჩემი პრეზიდენტად არჩევითაც დაადასტურა",- განუცხადა ბიბილოვმა გამოცემას.

პარტია „სიმართლისთვის“ ლიდერის ზახარ პრილეპინის ინიციატივით, კონსტიტუციაში უნდა შევიდეს ნორმა, რომლის მიხედვითაც, რუსეთის შემადგენლობაში შევა ყველა ქვეყანა, რომლის მოსახლეობის 75% მხარს დაუჭერს რუსეთთან გაერთიანებას.

მისი თქმით, რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში, ასევე მოლდოვაში.