მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ერდოღანი: სომხეთს იარაღს აწვდის რუსეთი და საფრანგეთი, ამაზე რატომ არ საუბრობთ?

თურქეთის პრეზიდენტი

„სომხეთს დიდი ოდენობით იარაღს აწვდის რუსეთი და საფრანგეთი, მაგრამ ამაზე რატომღაც არავინ საუბრობს“. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. ინფორმაციას azerbaycan24 ავრცელებს.

”დაახლოებით 100 000 სომეხი ცხოვრობს თურქეთში. ისინი იყენებენ ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობებს. ჩვენ მათ მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება არ გვაქვს.

აზერბაიჯანი საკუთარი მიწების დაბრუნებისთვის იბრძვის. დიახ, ჩვენ ვაწვდით იარაღს აზერბაიჯანელ ძმებს, რომლებიც სომხეთის მიერ ოკუპირებულ საკუთარ მიწა-წყალზე იბრძვიან. არანაირ ტერორისტებს ჩვენ იქ არ ვაგზავნით. და რუსეთი რა, სომხეთს იარაღს არ აწვდის? ან საფრანგეთი? ვუსურვებ აზერბაიჯანს გამარჯვებას“, - განაცხადა ერდოღანმა.

მისი თქმით, კონფლიქტის მოგვარება ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში 30 წლის განმავლობაში ვერ მოხერხდა და სწორედ ამიტომ მივიდა სიტუაცია სამხედრო კონფლიქტის განახლებამდე. თურქეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ აზერბაიჯანის ოკუპაციის ფაქტი ყოვლად დაუშვებელია და ის უნდა დასრულდეს.

ცნობისთვის, მთიან ყარაბაღში და მოსაზღვრე რაიონებში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის საომარი მოქმედებები 27 სექტემბერს განახლდა. სომხეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან ამ ხნის განმავლობაში 500-ზე მეტი ჯარისკაცი და ოფიცერი დაიღუპა. აზერბაიჯანული მხარის დანაკარგების შესახებ უცნობია.

10 ოქტომბერს მოსკოვში აზერბაიჯანის, სომხეთის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება გააფორმეს. ამის მიუხედავად, კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებები გაგრძელდა.