მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ილჰამ ალიევი: სომხეთს მიუღებელი მოთხოვნები აქვს

აზერბაიჯანის პრეზიდენტი

ეუთოს მინსკის ჯგუფის მიერ შემუშავებული პრინციპების არსი იმაში მდგომარეობს, რომ ყოფილი მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქის მიმდებარე ტერიტორიები უნდა გადაეცეს აზერბაიჯანს. ამასთან, სომხეთის პრემიერ- მინისტრი ამბობს, რომ ყარაბაღი არის სომხეთი. ის ცდილობს, შეცვალოს მოლაპარაკების ფორმატი, რომელიც 20 წლის განმავლობაში არსებობს. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს. ინფორმაციას კი, report.az ავრცელებს.

მისი თქმით, სომხეთი განზრახ არღვევს მოლაპარაკების პროცესს და მიუღებელ მოთხოვნებს აყენებს.

„ისინი ახდენენ პროვოკაციებს. თავს დაესხნენ ჩვენს პოზიციებს სახელმწიფო საზღვარზე. ყველაფერი კეთდება, რომ აზერბაიჯანი დადანაშაულდეს, შემდეგ კი მესამე მხარეები ჩაერთონ. სომხურ მხარეს სურს, სტატუს კვო შეინარჩუნოს. ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა, პირადად რუსეთის, საფრანგეთისა და შეერთებული შტატების პრეზიდენტებმა, არაერთხელ განაცხადეს, რომ სტატუს კვო მიუღებელია. ეს ნიშნავს, რომ ოკუპირებული ტერიტორიები უნდა დაუბრუნდეს აზერბაიჯანს. ჩვენ მოლაპარაკებების ერთგული ვართ, მაგრამ სომხეთის მხრიდან სრულიად საპირისპიროს ვხედავთ“,- აღნიშნა ილჰამ ალიევმა.

შეგახსენებთ, რომ 27 სექტემბრიდან არაღიარებულ მთიან ყარაბაღში და მოსაზღვრე რაიონებში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის ბრძოლა მიმდინარეობს. ორივე მხრიდან არიან დაღუპულები და დაჭრილები.