მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირაკლი ანთაძე: ველოდებით, რომ ხვიჩა მღებრიშვილს ხვალ გაათავისუფლებენ

ეგნეთში შეხვედრა დასრულდა

„დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ ყველა ინციდენტი, რასაც ადგილი ჰქონდა წინა შეხვედრიდან დღემდე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უკანონო პატიმრობაში მყოფ ჩენს მოქალაქეებთან დაკავშირებით. გვაქვს პოზიტიური სიგნალი ხვიჩა მღებრიშვილთან დაკავშირებით და ეს არის იმ მუშაობის შედეგი, რაც ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა გასწიეს“, - ამის შესახებ სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ხვიჩა მღებრიშვილი უკანონო პატიმრობიდან, სავარაუდოდ, ხვალ გათავისუფლდება.

„გარდა ამისა, შევეხეთ უკანონო ბორდერიზაციის პროცესსა და თავისუფალი გადაადგილების კუთხით არსებულ პრობლემებს. ჩვენთვის ცნობილი გახდა აგრეთვე, რომ ზაზა გახელაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია და მიღებულ ჭრილობას შეესაბამება“, - აღნიშნა ირაკლი ანთაძემ.

მისი განმარტებით, შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოს საჰაერო სივრცის დაღრვევის ფაქტსაც. როგორც ირაკლი ანთაძემ აღნიშნა, ფრენის არეალის დადგენა მხოლოდ ვიზუალური ხედვის გზით რთულია.

ინფორმაციისთვის, ხვიჩა მღებრიშვილს ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით უკვე 85 დღეა დაკავებულია. მას სამთვიანი წინასწარი პატიმრობის ვადა ნოემბერში ეწურება.

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელზეც საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ დაკავების საკითხი განიხილეს.

აღნიშნულ ფორმატში მორიგი შეხვედრა ნოემბრის მეორე ნახევარში შედგება.